ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური განზომილება. რაც შეეხება სპეკულაციებს, რომლებიც ისმის ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს არის წმინდა წყლის სპეკულაციები, მით უმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ არის ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყანა, რომელსაც თავად აქვს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთთან დაახლოებით, საქართველოს ხელისუფლება დასავლურ კურსს ღალატობს.
როგორც კობახიძემ “POSTV”-ის ეთერში განაცხადა, ევროინტეგრაციის მიზნის და ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთმანეთთან დაპირისპირება, სპეკულაციაა, ვინაიდან, საქართველოს უმთავრესი კონსტიტუციური ამოცანა ევროკავშირში გაწევრიანებაა, თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება.
“როდესაც ხდება ევროინტეგრაციის მიზნის შეპირისპირება ჩინეთთან სტრატეგიულ თანამშრომლობასთან, ეს არის უბრალოდ სპეკულაცია და მეტი არაფერი. ჩვენ გვაქვს ჩვენი საგარეო პოლიტიკური მიზნები, ამოცანები და ერთ-ერთი უმთავრესი კონსტიტუციური ამოცანაა ევროკავშირში ინტეგრაცია. ამის პარალელურად, ჩვენი ამოცანაა ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება, რასაც შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული შედეგების მოტანა. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია პოლიტიკურად და ასევე, ეკონომიკური თვალსაზრისით.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.