„ვინაა ახალი სახე? ხაზარაძეა ახალი სახე? თუ ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილი? თუ სამადაშვილია ახალი სახე? ეს არის ერთი გუნდი, რომელსაც ერქვა „ნაციონალური მოძრაობა“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრების მიერ გამოთქმულ კრიტიკას წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა იანვრის ბოლოს უკვე ორმხრივად იქნება აღდგენილი, ხოლო საზოგადოება მიზანმიმართულ ისტერიკას პასუხს 2024 წლის არჩევნებზე გასცემს.
„შეიძლება მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და „ხელის ბიჭი“ იყო სააკაშვილის. არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არ დაგვვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს შენ და შენი ბანკის კონკრეტული წარმომადგენლები. კარგად გვახსოვს ეს ყველაფერი და თქვენი ადგილი იქნება იქ, სადაც დღეს იმყოფებით. მცდელობა, რომ ზოგიერთებმა 5%-იანი ბარიერი გადაგანახვინონ, ამით საზოგადოებას ვერ მოატყუებთ. თქვენ ერთნი ხართ ყველანი, ერთი პატრონი გყავთ, ემსახურებით სხვა და არა ამ ქვეყნის ინტერესს – არც სამშობლო და არც სამშობლოს სიყვარული არ გაგაჩნიათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რას ემსახურება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები.
„ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს, კარგად ხედავს, თუ რას ემსახურება ის სიბინძურე და ისტერიკა, რასაც კადრულობთ. ამაზე საზოგადოება გაგცემთ პასუხს 2024 წლის არჩევნებზე. წერეთლის გამზირს რაც შეეხება, პირადად მე რომ მომიწიოს მუშაობა ჩემს თანამშრომლებთან ერთად, იანვრის ბოლოს საავტომობილო მოძრაობა იქნება აღდგენილი. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ქალაქისა და თბილისელების მიმართ“, – განაცხადა თბილისის მერმა