GD Banner
უცხოური მედია

BBC: ვინ არიან იემენელი ჰუსიტები და რატომ ესხმიან წითელ ზღვაში გემებს თავს?

წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმებმა ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი იძულებული გახადა, იემენის ჰუსიტებზე და მათ სტრატეგიულ ობიექტებზე იერიში მიეტანა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ თავის მიმოხილვაში წერს. 

დასავლური ძალები ქმედებაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა მეამბოხე დაჯგუფებამ, რომელიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებს, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა ინტენსიური გახადა. 

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სამხედროებმა წარმატებით განახორციელეს დარტყმები ჰუსიტების სამიზნეებზე. 

იემენში ჰუსიტების სამიზნეები მოიცავდა ლოგისტიკურ ჰაბებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და იარაღის საწყობებს.

რატომ შეუტიეს ჰუსიტებმა წითელ ზღვაში სატვირთო გემებს?

თავდასხმები 7 ოქტომბერს ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ დაიწყო.

ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ „ჰამასს“. ჰუსიტების განცხადებით, მათი მიზანია თავდასხმა ნებისმიერ გემზე, რომელიც მიემგზავრება ისრაელში ან აპირებს ისრაელისთვის ტვირთის ან დახმარების მიწოდებას.

ჰუსიტების თავდასხმები წითელ ზღვაში ნოემბრიდან დეკემბრამდე უფრო და უფრო ინტენსიური გახდა. 

საფრთხე იმდენად დიდი გახდა, რომ მსხვილმა გადამზიდავმა კომპანიებმა შეწყვიტეს ნაოსნობა რეგიონში. მათივე თქმით კი, ხარჯები 10%-ით გაიზარდა. 

მსხვილმა გადამზიდავმა კომპანიებმა, მათ შორის Mediterranean Shipping Company-მ, Maersk-მა, Hapag-Lloyd-მა და ნავთობკომპანიამ BP-მა განაცხადეს, რომ ისინი ახორციელებენ გემების გადამისამართებას წითელი ზღვიდან.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არსებობს მოსაზრება რომ საწვავზე ფასი გაძვირდება.

გლობალური საზღვაო ვაჭრობის თითქმის 15% გადის წითელ ზღვაზე, რომელიც დაკავშირებულია ხმელთაშუა ზღვასთან სუეცის არხით და წარმოადგენს უმოკლეს გადაზიდვის მარშრუტს ევროპასა და აზიას შორის.

 მედიასაშუალება წერს, რომ ვაშინგტონმა ირანი დაადანაშაულა წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვაში.

ვინ არიან ჰუსიტი მეამბოხეები?

ჰუსიტების მოძრაობა, სხვანაირად – ანსარალაჰ (რაც ღმერთის მხარდამჭერს ნიშნავს), ირანიდან მართული შიიტური დაჯგუფებაა, რომელიც იემენის სამოქალაქო ომში 2014 წლიდან არის ჩართული.

ჰუსიტების მოძრაობა ჰუსეინ ალ-ჰუსიმ დააარსა 1990 წელს. 

მთავრობას ჰუსიტების წინააღმდეგ მხარს უჭერს არაბული ქვეყნების კოალიცია, რომელსაც საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები ხელმძღვანელობენ.

ჰუსიტები აცხადებენ, რომ ირანის ხელმძღვანელობით „წინააღმდეგობის ღერძის“ ნაწილი არიან და ისრაელის, აშშ-სა და დასავლეთის წინააღმდეგ იბრძვიან „ჰამასთან“ და ჰეზბოლასთან“ ერთად. 

ვინ უჭერს მხარს ჰუსიტებს?

ჰუსიტები ლიბანში მოქმედი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მოდელის მიხედვით მოქმედებენ.  

აშშ-ს კვლევითი ინსტიტუტის, ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრის თანახმად, ჰეზბოლა მათ 2014 წლიდან უწევს ფართო სამხედრო კონსულტაციას და წვრთნას.

ჰუსიტები ირანს მთავარ მოკავშირედ მიიჩნევენ. შეერთებული შტატები აცხადებს, რომ სწორედ ირანი აწვდის სამხედრო დახმარებას ჰუსიტებს. 

„ჩვენ ვიცით, რომ ირანი ღრმად იყო ჩართული წითელ ზღვაში კომერციული გემების წინააღმდეგ ოპერაციების დაგეგმვაში“, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ედრიენ უოტსონმა.

ირანი უარყოფს მონაწილეობას ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმებში.

ამასთან, გაეროს უშიშროების საბჭომ განაცხადა, რომ 2010 წლისთვის ჰუსიტებს ჰყავდათ 100,000-დან 120,000-მდე მიმდევარი, რომლებიც შედგებოდა შეიარაღებული ჯარებისა და უიარაღო მხარდამჭერებისგან.

ინფორმაციისთვის, 12 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს ძალებმა იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

დარტყმები დაფიქსირდა დედაქალაქ სანში, ჰუსიტების წითელი ზღვის პორტში ჰუდაიდაში, დამარში და საადაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,893 ნახვა