ლაშა ბუღაძის სტატუსს სასულიერო პირები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, მიუღებელია მწერლის მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქრისტიანული დღესასწაულის რუსულად მოხსენიება და მისი დაკნინების მცდელობა.
მათივე შეფასებით, მსგავსი ტიპის განცხადებები ადამიანებში ნეგატიურ განწყობებსა და აგრესიას იწვევს.
“დასცინა საქართველოს მოსახლეობის 90%-ს, რომელიც თავს თვლის ავტოკეფალიური მართლმადიდებლური ქართული ეკლესიის სულიერ შვილად. მას არ მიულოცია, დასცინა, რაც სამწუხაროა. თუ საეკლესიო კალენდარში ჩავიხედავთ, 7 იანვარს გვერდით უწერია, რომ 7 იანვარი, რეალურად, არის 25 დეკემბერი, ანუ ჩვენ შობას აღვნიშნავთ 25 დეკემბერს. ათონის მთაზეც, 7 იანვარს ანუ 25 დეკემბერს აღინიშნება შობის დღესასწაული. ასევე, იქაც, სადაც ჩვენი უფალი, მაცხოვარი იესო ქრისტე იშვა, იქაც 7 იანვარს აღნიშნავენ და რა გამოდის, თუ რუსულია ესე იგი ყველაფერი რუსეთის ყოფილა. ჩვენი ტრადიციულ, მრავალსაუკუნოვან ეკლესიას არაფერი არ აკავშირებს რუსეთთან, არც ისე და არც – თარიღულად. ასე რომ, თუ ისინი ასე ფიქრობენ, ეს მათი პრობლემაა”, – განაცხადა არქიმანდრიტმა, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა მამა იოვანე მჭედლიშვილმა.
დეკანოზ გიორგი ხანთაძის განცხადებით, საეკლესიო კალენდარულ თარიღებზე შეიძლება თეოლოგებმა იმსჯელონ, მაგრამ ამ საკითხზე ლანძღვა ან ქილიკი მიუღებელია.
“ყველა ეკლესია, საუკუნეების განმავლობაში, ყოველთვის იულიუსის კალენდარზე იყო და სად იყო მაშინ რუსეთის იმპერია. ამ თემაზე შეიძლება თეოლოგებმა იმსჯელონ და იკამათონ კიდეც, მაგრამ როგორ შეიძლება ეს თემა სალანძღავი ან საქილიკო გახდეს? თუ კარგად, გააზრებულად გვესმის ეკლესიის ისტორია, კალენდარული სისტემა დოგმატური საკითხი არ არის, ამგვარი კანონიკური კალენდარული სისტემის ცვლილება თუ რაღაც ახალი სისტემის შემოღება მაშინ ხდებოდა, როდესაც საზოგადოება ამაზე სრულიად შეჩვეული იყო და საზოგადოებაში დამკვიდრებული წესი იყო. რუსეთთან დაკავშირებაც არასწორად მიმაჩნია, რადგან სხვა ბევრი ეკლესიაც ამ კალენდრის მიხედვით აღნიშნავს”, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი ხანთაძემ.