GD Banner
პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა – ოპოზიციის ნაწილი ჯერ კიდევ საცივში ბანაობს – საცივიდან თავს რომ ამოყოფენ და პოლიტიკურ წელს დაუბრუნდებიან, კარგად დაინახავენ პრეზიდენტის მნიშვნელობას – თუ უკეთესი ინიციატივის თავი აქვთ, ბრძანონ

მგონია, რომ ოპოზიციის ნაწილი ჯერ კიდევ საცივში ბანაობს. საცივიდან თავს რომ ამოყოფენ, ნაბახუსევები რომ გამოფხიზლდებიან და პოლიტიკურ წელს დაუბრუნდებიან, ძალიან კარგად დაინახავენ საქართველოს პრეზიდენტის მნიშვნელობას – თუ უკეთესი ინიციატივის თავი აქვს რომან გოცირიძეს ან სხვა ადამიანს, გამოვიდეს და ბრძანოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაზე მისი პარტიის ინიციატივის შესახებ ოპოზიციის ნაწილის განცხადებას.

ოპოზიციის ნაწილის შეფასებას, რომ ახლა, აღნიშნული ინიციატივის დაყენება უტოპიაა, სიჭინავა ასე პასუხობს: „ოპოზიციაში ისეთი ადამიანები არიან, ესეც ამ ქვეყნის პოლიტიკური უტოპია მგონია, მაგრამ ხომ არიან და არსებობენ?“.

„ჩვენ ჩვენი სურვილი და მზაობა გამოვხატეთ, ნაბიჯი გადავდგით და ჩვენი ინიციატივა ვთქვით. თუ უკეთესი ინიციატივის თავი აქვს რომან გოცირიძეს ან სხვა ადამიანს, გამოვიდეს და ბრძანოს – რაზეა საუბარი?! ჩვენ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იმისკენ, რომ ამ ქვეყანაში ძალაუფლება დაბალანსდეს და დამბალანსებელი იყოს არა ერთი ადამიანი, ივანიშვილი, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტები იყვნენ იმის გარანტი, რომ ქვეყანაში სტაბილურობა იქნება“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ამასთან, ბერდია სიჭინავა განმარტავს, რატომ დააყენა მისმა პარტიამ აღნიშნული ინიციატივა დღის წესრიგში სწორედ ახლა. როგორც სიჭინავა ამბობს, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის ის, რომ ბოლო პროცესებით როგორც გამოჩნდა, „პირდაპირი ფორმით არჩეულ პრეზიდენტს მაღალი ლეგიტიმაცია აქვს“.

„თუ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტს ნომინალური ფუნქციები აქვს და ხშირად საუბრობენ იმაზე, რატომ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, ვფიქრობთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის ინსტიტუტმა განსაკუთრებით დაგვანახა იმის მნიშვნელობა, რომ ის პირდაპირი წესით იყოს არჩეული. პირველი იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში პრეზიდენტი ძალიან დიდი უფლებამოსილებით არაა აღჭურვილი, დიდი ფუნქციები აქვს, როგორიცაა დიპლომატების დანიშვნა, ცესკო-ს წევრების და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების წარდგენა, მოქალაქეობის მინიჭება, შეწყალების გამოყენება – ესენი ფუნდამენტური საკითხებია. ასევე, საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და საგარეო ურთიერთობებში მისი წარმომადგენელი. სულ რომ ცერემონიული ფუნქციები ჰქონდეს პრეზიდენტს, უმჯობესია, საქართველოს საგარეო ურთიერთობებში სახელმწიფოს მეთაური წარმოადგენდეს, რომელსაც მაღალი ლეგიტიმაცია აქვს და არჩეულია მოქალაქეების მიერ; ეს ადამიანი წარმოადგენდეს ქვეყანას და არა რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის არჩეული იყოს. მეორე ლოგიკა კი, რაც დროს უკავშირდება ისაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას სჭირდება მინიმუმ ორი სესია. ახალი პრეზიდენტის არჩევამდე დარჩა ზუსტად ორი სესია“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გარდა ამისა, ბერდია სიჭინავამ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილს დაბრუნებაზე და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე მისი პარტიის ინიციატივა არ უკავშირდება მოსაზრებებს, რომ „ივანიშვილს პრეზიდენტობა უნდა“.

მისივე თქმით, ივანიშვილის დაბრუნებას, რაღაც ფორმით შეიძლება ჰქონდეს ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესზე, მაგრამ „ის, რომ მის შემობრუნებას ელექტორალური თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, უტოპია და პოლიტიკური ინფანტილიზმია“.

„ივანიშვილი არის საკუთარ თავთან და საკუთარ იდეალებთან დამარცხებული ადამიანი, რა იდეალებითაც მოვიდა 2012 წელს. 2012 წელთან დამარცხებული ადამიანია ივანიშვილი. ეს თვითონაც კარგად იცის. დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავთან რომ რჩება და საკუთარ გუნდს გადახედავს, იცის, რა იდეალებით მოდიოდნენ ეს ადამიანები და 2023 წელს მესამედ მობრუნებული რას სთავაზობს საკუთარ მოქალაქეებს. რა მიზნით დაბრუნდა, მარტივია, ბევრი ფაქტორია – მიუხედავად ყველაფრისა, არ ენდობა იმ ბიჭებს, რომლებიც დატოვებული ჰყავს ხელისუფლებაში; მეორე ფაქტორი კი ისაა, რომ ისტორიულ მინიმუმზეა „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელი“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში განხორციელდეს ცვლილება და პრეზიდენტი კვლავ პირდაპირი წესით, მოქალაქეებმა აირჩიონ. რაც შეეხება საკითხზე პოლიტიკურ შეფასებებს, მაგალითად, „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ „ოპოზიციამ რეალისტური თემები უნდა დაისახოს და ციდან მიწაზე ჩამოვიდეს“. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა კი თქვა, რომ პარტიას – „საქართველოსთვის“, იდეების კრიზისი აქვს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,177 ნახვა