პედიატრი ლალი ჯანაშია სოციალური ქსელში წერს, რომ „ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა თანაბრად როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში“.
მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ფიქსირდება კოვიდის, ჩუტყვავილას და ქუნთრუშას შემთხვევები.
„ძალიან არ მინდა საახალწლო განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გართულდა თანაბრად როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, A გრიპის შემთხვევები მესამედზე მეტია გრიპზე გატესტილ პაციენტებში, ბავშვთა საწოლფონდის კოლაფსია პრაქტიკულად, დღის სტაციონარის მეშვეობით ვახერხებთ დავასტაბილუროთ და ჰოსპიტალიზაციას ავარიდოთ პაციენტთა ნაწილი, პარალელურად არის კოვიდის, ჩუტყვავილას და ქუნთრუშას შემთხვევები, ამოვყოთ პატივცემულო ჩინოვნიკებო თავი საცივიდან და მოვიდეთ ფორმაში!
მშობლებს გთხოვთ პირველივე საათებში ნუ მიმართავთ ჰოსპიტალებს, ოჯახის ექიმების დახმარებით პირველი 24 საათი ვმართოთ ბინაზე პატარები ფიზიკური გაგრილების და ანტიპირეტული(სიცხის დამწევი) საშუალებებით, დატვირთეთ სითხეებით. მზად ვართ დაგეხმაროთ როგორც ონლაინ, ასევე დღის სტაციონარის ფარგლებში.
თუ ბავშვი ადინამიურია, აქვს ღებინება, ფაღარათი და არ იღებს სითხეს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ნუ იყენებთ ბინაზე ინფუზიას (გადასხმას), კატეგორიულად მიუღებელია ეს ფორმა, ასევე ნუ იწყებთ ანტიბიოტიკოთერაპიას, ნუ წაშლით კლინიკურ სურათს, ნუ აზიანებთ შვილების იმუნურ სისტემას, ჯანმრთელობას გისურვებთ“! – წერს ლალი ჯანაშია სოციალურ ქსელში.