ნანი ბრეგვაძე The Drag Ball-ის ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინფორმაციას ორგანიზაციის Facebook გვერდი ავრცელებს.
“The Drag Ball: All Stars ახლოვდება! ვემზადებით თქვენთან ერთად ისტორიული, ჯადოსნური და დაუვიწყარი ღამის შესაქმნელად.თუმცა, სტუმრებისთვის სამწუხარო სიახლე გვაქვს – ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ქალბატონი ნანი ბრეგვაძე ვეღარ გახსნის ღონისძიებას.გვინდა უღრმესი მადლობა გადავუხადოთ და მალე გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ქალბატონ ნანის, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მთელი გულით ემზადებოდა ჩვენთან შესახვედრად. ჩვენ ამ პროცესის თითოეულ ეტაპზე ვგრძნობდით მის გულწრფელ მხარდაჭერასა და სურვილს, რომ კიდევ ერთხელ დამდგარიყო სამართლიანობისა და სიყვარულის მხარეს.ყველაფრის მიუხედავად, The Drag Ball: All Stars ჩვეულებრივ ტარდება. გპირდებით თავბრუდამხვევ, დაუვიწყარ და გასაოცარ ღამეს. თქვენთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანასწორობისა და თავისუფლებისთვის”! – წერია პოსტში.
ცნობისთვის, გავრცელებულ ინფორმაციას, ქართული ქვიარ კულტურის ახალ პლატფორმაში ნანი ბრეგვაძის მონაწილეობაის შესახებ, საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
საქართველოში დრეგ ბოლები ბოლო რამდენიმე წელია “თბილისი პრაიდის” მხარდაჭერით იმართება. მიუხედავად იმისა, რომ დრეგი ძირითადად შეჯიბრების სახით, შოუებად ტარდება, ის უბრალოდ კონკურსი არაა, ერთგვარი გამოხატვის ფორმა და LGBTQ+ იდენტობის აღნიშვნაა. თბილისში გამართული დრეგ ბოლების კონსულები გიორგი ჩემინავა, დავით გოგიშვილი, მათე ხიდეშელი და ვატო კერძაია არიან.
დრეგ ბოლის სცენაზე მაყურებელმა არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, ლელა წურწუმია და გიული ჩოხელი უკვე იხილა. შემდეგი ვარსკვლავი კი, რომელიც ამ შოუში მიიღებდა მონაწილეობას, ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე უნდა ყოფილიყო.