საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროპასთან, ისე ჩინეთთან, რაც აჩენს შესაძლებლობას საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის წარმოებისთვის და მიმზიდველს ხდის ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„დღეს, საქართველო ახლებურად საინტერესო ხდება ჩინეთისთვის და დასავლეთისთვისაც. ე. წ შუა დერეფანი დღეს არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო არა მხოლოდ სატრანსპორტო დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპა-აზიას შორის. ჩვენ ვიცით, რა ხდება ჩრდილოეთის მიმართულებით და რამდენი შეფერხება-პრობლემაა ომიდან, სანქციებიდან გამომდინარე. ასევე, ჩვენ დავინახეთ, როგორ ვითარდება უახლესი მოვლენები იგივე ახლო აღმოსავლეთში, ხდება სუეცის არხით მიმავალი ძირითადი ნაკადების გადამისამართება. სატრანსპორტო მიმართულებით კოვიდის შემდეგ თითქოს, გამოსწორდა და აღდგა მიწოდების ჯაჭვები და სატრანსპორტო ნაკადები, თუმცა დავინახეთ, რომ ახალი გამოწვევები გაჩნდა მსოფლიოში. ასე რომ, საქართველო, როგორც ამ დერეფნის კრიტიკული, უმნიშვნელოვანესი ელემენტი და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, რომელიც ამ დერეფნის განვითარებას ახდენს, არის საინტერესო ჩინეთისთვისაც“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.