GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

„ჯანდაცვა, სოციალური პაკეტები, ინფრასტრუქტურის განვითარება – ვერც ერთი ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა, რომ არ იყოს მშვიდობა“ – ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Newshub.ge-სთან საუბარში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 2023 წლის ანგარიშის ეხმაურება. 

ლევან ნიკოლეიშვილი აქცენტს აკეთებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ხელფასების და პენსიების ზრდა. 

„ანგარიში ყოვლისმომცველი იყო, ბევრ საკითხზე იყო საუბარი, მათ შორის სოციალურ პაკეტზე, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ხელფასები და პენსიების მატება. რატომ? ამას ორი მიმართულება აქვს – ხელფასები, რომელიც იზრდება ბიუჯეტიდან, ეს არის სახელმწიფო მოსამსახურეებზე და, რა თქმა უნდა, ხელფასების ზრდა განპირობებულია იმით, რომ მათი შემოსავალი გაიზარდოს თუნდაც იმ ეკონომიკური გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც მსოფლიოშია და ამავდროულად, ხელფასების ზრდა, პარალელურ რეჟიმში ურთიერთკავშირშია იმასთან, რომ კორუფციის დონემ დაიწიოს ქვეყანაში. თუ სახელმწიფო მოხელეს არ აქვს კარგი ხელფასი, რა თქმა უნდა, ყოველთვის არის იმის საფრთხე, რომ მას რაღაც სხვა აზრები გაუჩნდეს, მაგრამ თუ მას აქვს შესაბამისი ხელფასი, რა თქმა უნდა, ამით ერთგვარი დაზღვევა და პრევენცია ხდება ასეთი საფრთხეებისა.

რაც შეეხება პენსიონერებს. ალბათ ნებისმიერი ადამიანს ჰყავს ოჯახში პენსიონერი და რაც არ უნდა შემოსავალი არსებობდეს ოჯახში, პენსიონერი მაინც ფიქრობს, რომ მას სჭირდება თავისი ფული თუნდაც იმისთვის, რომ თავი იგრძნოს სრულყოფილ მოქალაქედ და თუ ვთქვათ, არ არის შემოსავლიანი ოჯახი, რა თქმა უნდა, ასეთი პენსიონერისთვის პენსიის მომატება ძალიან მნიშვნელოვანია. მე მოვისმინე რამდენიმე პოლიტიკური პარტიის გამოსვლა, სადაც საუბარი იყო, რომ პენსიების 1000 ლარამდე გაზრდიდნენ. პენსია რომ გაიზარდოს იმ ნიშნულზე, რაც წარმოუდგენელია, ეს ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს პოპულიზმთან. ბიუჯეტმა და დანარჩენმა გამოწვევებმა უნდა მოგვცეს იმის შესაძლებლობა, რომ პენსია გაიზარდოს ისე, რისი შესაძლებლობაც არის. ყველაფერი ერთ დღეში ვერ გაკეთდება, რადგან ეს იქნება ყალბი დაპირება. თანაბრად უნდა გადანაწილდეს პრიორიტეტების მიხედვით. პენსიები, ხელფასების მატება, განათლების სისტემაში განსახორციელებელი ცვლილებები და ა.შ. – ეს ყველაფერი უნდა იყოს დამოკიდებული რეალურ გათვლებზე და არა პოპულიზმზე“, – აღნიშნავს ექსპერტი.

ლევან ნიკოლეიშვილმა ჯანდაცვის საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. 

„თავის დროზე დაიწყო ჰეპატიტის პროგრამა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რომ ბევრმა ადამიანმა გაბედა, ჩაერთო ამ პროგრამაში და განიკურნა, რაც ძალიან დიდი საქმეა ქვეყნის მოსახლეობისთვის. ახლა, ონკოლოგიური პროგრამები ამუშავდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი არ არის ისე, რომ ხელი ხელზე გადავიდოთ და თავისუფლად ვუყუროთ ამ ქვეყანას სხვა თვალებით, ეს ყველაფერი – ჯანდაცვის პროგრამები, რაც არის ხელშეწყობა იმისათვის, რომ ადამიანებს გაუადვილდეთ ყოფა და გაუადვილდეთ ჯანმრთელობის საკითხების გადაწყვეტა, ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება ვთქვათ პირდაპირ, რომ არც თუ ისე ბევრ ქვეყანაში არის ასეთი სახის მიღწევები და წარმატებები. თან არ დაგვავიწყდეს, მხოლოდ 30 წელია, რაც დამოუკიდებლობა აღვადგინეთ და ამ 30 წლის განმავლობაში გადავიტანეთ სამოქალაქო ომი თბილისში, გადავიტანეთ 90-იანი წლების ომები, 2008 წლის ომი, ნგრევები, რამდენიმე რევოლუციური ცვლილება ხელისუფლების. ამ ფონზე, არსებულმა სტაბილურობამ, მშვიდობამ და სწორი პრაგმატული პოლიტიკის გატარებამ ბევრი რამ გახადა შესაძლებელი და თუ ასე გაგრძელდება, უფრო მეტი რამ იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს გვაქვს უფლება, რომ ჩვენი პოლიტიკური გემოვნება გვქონდეს, რაც დემოკრატიის მთავარი ატრიბუტი გახლავთ, მაგრამ ამავდროულად, ეს ყველაფერი უნდა გამოვხატოთ საარჩევნო ყუთებთან და არა ქუჩებში, ერთმანეთის გინებით, ლანძღვით თუ ნგრევით“, – ამბობს ლევან ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სფეროში ყურადღება ექცევა ხელოვნურად გაზრდილი ფასების დარეგულირების საკითხს.

„მოგეხსენებათ, მანამდეც გაკეთდა გარკვეული მინიშნება იმის თაობაზე, რომ ხელოვნურად არის გაზრდილი ფასები აფთიაქებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დარეგულირდეს და დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ამას ჯეროვნად მიხედავს. თან ვიცით, რომ მანამდე, პრემიერისა და ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით თურქეთიდან შემოვიდა შედარებით კარგ ფასებში ის წამლები, რომლებიც ბაზარზე ორმაგ და სამმაგ ფასებში იყიდება. ეს ძალიან დიდი შეღავათია. სოციალურ პროგრამებზე საუბარი რომ გავაგრძელოთ, დაზღვევის სამსახურებში არის საკმაოდ კარგად ორგანიზებული. მაგალითისთვის ასევე შეგვიძლია მოვიყვანოთ სადაზღვევო სისტემის გარდა, ის სოციალური პროგრამები, რაც განხორციელდა თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროს უწყებებში. იცით, რომ ჯარის ქალაქები აშენდა, რაც თითქმის წარმოუდგენელი რამ იყო რამდენიმე წლის წინ და ასევე, იმ პოლიციელებსაც აქვთ შესაძლებლობა, რომლებსაც ბინები არ გააჩნდათ, რომ მალე, შესაბამისი ბინებით დაკმაყოფილდნენ“, – ამბობს ექსპერტი.

როგორც ლევან ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, სოციალური და სხვა პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა, ქვეყანაში მშვიდობა რომ არ ყოფილიყო. 

„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ვერ გაკეთდება, თუ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ვერც ერთი ენერგეტიკული პროექტი, ვერც ერთი ეკონომიკური პროექტი, ვერც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი – მაგალითად, რიკოთზე რამდენიმე მონაკვეთი გაიხსნა და კიდევ იხსნება, რაც ძალიან ამცირებს ამცირებს მანძილსა და დროს თბილისსა და მაგალითად ბათუმს შორის, მაგრამ ეს ყველაფერი ვერ განხორციელდება, თუ არ გვექნა მშვიდობა და სტაბილურობა. ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ 2012 წლის შემდეგ მოახერხა ის, რომ პირველი შემთხვევა არის, როდესაც ქვეყანაში ომი არ არის. მშვიდობა რომ არ იყოს, ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება, ეკონომიკური პროექტი იქნება, ენერგეტიკული თუ განათლების მიმართულებით, იცით რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე არის საუბარი, ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა, ეს არის გამორიცხული. 

ამ ყველაფერს ემატება ის დიდი წარმატება, რაც საგარეო პოლიტიკაში გვაქვს, ისევ ამ ხელისუფლების სწორი, პრაგმატული პოლიტიკის შედეგად და გარდა იმისა, რომ თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ხელი მოეწერა უვიზო რეჟიმის შესახებ სხვადასხვა შეთანხმებას, ჩვენ მივაღწიეთ იმასაც, რომ წელს მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რა თქმა უნდა, რეფორმები, მთელი რიგი საკითხები კვლავ გასაკეთებელია, კვლავ არის მთელი რიგი სამუშაოები ჩასატარებელი, მაგრამ თუ არ იქნება ხელის შეშლა და რაღაც არეულობის და დესტაბილიზაციის მცდელობები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემდეგ ეტაპსაც ძალიან კარგად გადავლახავთ. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ და ნებისმიერი სტაბილური, მშვიდობიანი გარემო ხელს უწყობს, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მიმზიდველი გახდეს, იგივე სავაჭრო ურთიერთობების ბაზარზე“, – აღნიშნავს ლევან ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, 18 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიში წარადგინა.

პრემიერმა ანგარიშის წარდგენისას მიმდინარე წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,169 ნახვა