GD Banner
საზოგადოება

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, ნუ შეიყვანენ შეცდომაში საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს და ხელი შეუწყონ არჩევნებში მათ მონაწილეობას კანონის შესაბამისად

საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არაერთი მცდარი ინფორმაცია გავრცელდა, რომელმაც შეიძლება დააბნიოს და შეცდომაში შეიყვანოს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, – ამის შესახებ ცესკოს პრეს-სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არასწორად იყო ინტერპრეტირებული ცესკოს მიერ გავრცელებული განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით.

„სწორედ ამიტომ, დღეს გვინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ამ თემას, დავაფიქსიროთ საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია და მკაფიოდ განვმარტოთ კანონმდებლობაში არსებული პროცედურები.

პირველ რიგში, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სიცრუეა, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია უარს ამბობს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნაზე და პასუხისმგებლობა სხვა უწყებაზე, ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტროზე, გადააქვს, როგორც ამას ზოგიერთი პოლიტიკოსი და მედიასაშუალება ამტკიცებდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში. ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩევლებმა კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად შეძლონ არჩევნებში მონაწილეობა. თუმცა ამისთვის საჭიროა მათ დაიცვან კანონით გაწერილი პროცედურები. საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამომრჩევლის დროული ინფორმირებაა, რათა ამომრჩეველმა საზღვარგარეთ თუ საქართველოში მიიღოს ზუსტად ის ინფორმაცია, რაც მას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სჭირდება და გამოადგება. ეს საკითხი ასევე გაწერილია ცესკოს სამოქმედო გეგმაში და ითვალისწინებს ფართომასშტაბიან ინფორმირების კამპანიას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ამდენად, საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობებს და უზრუნველყოფს მათ ინფორმირებას ყველა იმ წესის, ვადისა თუ პროცედურის შესახებ, რომელსაც კანონმდებლობა განსაზღვრავს.

შევახსენებთ საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის. ხოლო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მნიშვნელოვანია თითოეულმა მათგანმა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაცია გაიაროს სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

ამ საკითხზე საუბრისას განსაკუთრებით აღსანიშნავია ის სიახლე, რომელიც საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციის ვადებს უხანგრძლივებს. საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად ასეთი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის ვადა ორი დღით გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ცნობილია კანონით დადგენილი პროცედურები, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული პირი ცდილობს საკუთარი მიზნებისთვის შეცდომაში შეიყვანოს უცხოეთში მცხოვრები ამომრჩევლები. ეს კი აზიანებს საარჩევნო პროცესს და ხელს უწყობს სრულიად უსაფუძვლო აღქმების დამკვიდრებას, როგორც საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცედურებთან, ისე ვადებთან დაკავშირებით.

მივმართავთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს, საარჩევნო პროცედურებთან დაკავშირებული სანდო ინფორმაციისთვის დაუკავშირდნენ საარჩევნო ადმინისტრაციას და ისარგებლონ გადამოწმებული წყაროებით.

ასევე მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გაითვალისწინონ და დაიცვან საარჩევნო პროცედურები, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ პროცესის საერთაშორისო სტანდარტებით განხორციელების საქმეში“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,936 ნახვა