GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ცესკოს დაკომპლექტებაზე : შემოსულია დასკვნა ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა – ჩვენ გვჭირდება ვენეციის კომისიისგან სამართლებრივი დასკვნა, რომელიც უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ არგუმენტებს

შემოსულია დასკვნა ცვლილებებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა. ჩვენ გვჭირდება ვენეციის კომისიისგან სამართლებრივი დასკვნა და რას ვგულისხმობ ამაში: სამართლებრივი დასკვნა უნდა ემყარებოდეს სამართლებრივ არგუმენტებს. ერთადერთი, რაც წერია ვენეციის კომისიის დასკვნაში არის ის, რომ თავის დროზე ეს ცვლილებები ეფუძნებოდა 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, იყო გარკვეული კონსენსუსი მიღწეული, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, ეს არ იყო კონსენსუსი, ეს იყო ძალდატანებული შეთანხმება. ვენეციის კომისია ეყრდნობა მხოლოდ 19 აპრილის შეთანხმებას და ამის გამო გვირჩევს ძველი წესის დატოვებას, ეს არ არის სამართლებრივი დასკვნა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ცესკოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

კობახიძის თქმით, ცესკოს დაკომპლექტების და მისი წევრების და თავმჯდომარის არჩევის არსებული პროცედურა ირაციონალური და უპრეცედენტოა, რომელიც თავის დროზე, 19 აპრილის შეთანხმებაში ჩაიწერა. მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიის მხრიდან დამატებითი სამართლებრივი არგუმენტებია საჭირო იმის დასამტკიცებლად, რომ მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული ცვლილებები რაიმე სახის პრობლემას შექმნის.

“მიგვაჩნია, რომ სტანდარტული უმრავლესობით, 76 ხმით ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა არის ყველაზე რაციონალური პროცედურა. დღევანდელი პროცედურა, რომელიც თავს დროზე გაწერილი იყო 19 აპრილის შეთანხმებაში და ამიტომ აისახა საარჩევნო კოდექსში, არის აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. ჩვენ არ გვჭირდება უპრეცედენტო და ირაციონალური რეგულაციები საარჩევნო კოდექსში, გვჭირდება სათანადო წესი, რომელიც უზრუნველყოფს ცესკოს სათანადო ფუნქციონირებას და არ დაბლოკავს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევას. აქედან გამომიდინარე, ჩვენ დაგვჭირდება დამატებითი არგუმენტები ვენეციის კომისიის მხრიდან, ევროკომისიის მხრიდან, რომელიც დაგვარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ მიერ ინიციირებული ცვლილებები არაგონივრულია და შექმნის რაიმე პრობლემას. ჩვენ მზად ვართ სამართლებრივი დისკუსიისთვის, თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ ეს არ არის უპრეცედენტო, ეს არ არის ირაციონალური, უზრუნველყოფს ქმედითი ცესკოს ფორმულირებას და ა.შ. – კი ბატონო, მაგრამ ჯერ გვჭირდება არგუმენტები ამასთან დაკავშირებით. გაუმართავი ცესკო ნიშნავს გაუმართავ არჩევნებს. ალბათ დამეთანხმებით, არაფრის ფასად არ შეიძლება ეჭვქვეშ დავაყენოთ ეს ყველაფერი. თუ არჩევნები გამართულად ვერ ჩაატარე, არაფერს აღარ აქვს ფასი.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,150 ნახვა