„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და „ოდირის“ ერთობლივ დასკვნას გამოეხმაურა.
პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნება“ ბუტაფორიულ რეფორმებს აკეთებს და საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებული კანონი არაფერ შუაშია იმ მოთხოვნასთან, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს.
„ვენეციის კომისიის დასკვნაც ხომ იმას მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ევროკავშირი, არ უნდა კანდიდატის სტატუსი. ამიტომაა, რომ ასეთ ბუტაფორიულ რეფორმებს აკეთებს და ეს [საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით] კანონი არაფერ შუაში არ არის იმ კონკრეტულ მოთხოვნასთან, რაც ევროკავშირთან დაგვაახლოებს“, – აღნიშნა ვაშაძემ.
საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე ვენეციის კომისიისა და „ოდირის“ ერთობლივ დასკვნაში წერია, რომ შეთავაზებული ცვლილებები არასაკმარისია კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად, რაც გადამწყვეტია ცესკო-ს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობისთვის და ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის.