GD Banner
პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე – ოპოზიციას სტატუსის მონიჭებამ „ქართული მაიდანის“ ორგანიზების საფუძველი გამოაცალა, ხელისუფლებამ ამერიკასა და ევროპას ხმამაღლა უთხრა, რომ ვართ სუვერენული ქვეყანა, არ დავთმობთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, თუ გინდათ ასეთი საქართველო, მაშინ მოგვანიჭეთ სტატუსი

სტატუსის მიღების ზეიმს საზოგადოების ის ნაწილიც შევუერთდით, რომლებიც გაგვახარა არა იმდენად სტატუსმა, რამდენადაც, იმ ფაქტმა, რომ ჩვენმა ქვეყანამ არავის და არაფრის წინაშე, ქედი არ მოიხარა. ის არ გაუწვა ფეხქვეშ არც ჯოზეფ ბორელს, არც ნაცების ლობისტ ევროპარლამენტარებს და არც სხვებს. საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკასა და ევროპას ხმამაღლა უთხრა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, არ დავთმობთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არავის შიშითა და ზეწოლით, თუ გინდათ ასეთი საქართველო, მაშინ მოგვანიჭეთ სტატუსი, არ გინდათ და თქვენთვის შეინახეთო. – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ყველა ზეიმობდა, თუმცა, ოპოზიციას ჰქონდა მცდელობა, რომ ეს გადაწყვეტილება საკუთარ გამარჯვებად წარმოეჩინა. კაკაბაძის განცხადებით, პირველი გამოცდა ხელისუფლებამ წარმატებით ჩააბარა და იმედია, რომ მეორე გამოცდის ჩაბარების დროსაც ანალოგიურად მოიქცევა.

“რას ვზეიმობთ და რატომ ვზეიმობთ იშვიათია შემთხვევა, როდესაც რაიმე მოვლენა მთელ საქართველოს აერთიანებს. ასეთი რამ, მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ჩვენი სპორტსმენი ან მთელი გუნდი აღწევს დიდ წარმატებას. პოლიტიკური სიახლე კი, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა, ამ შემთხვევაში ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მიღება უნდა ყოფილიყო. გარეგნულად მართლაც ასე იყო – გუშინ ყველა ზეიმობდა ამ სტატუსის მიღებას, თუმცა, ყველა ცდილობდა, რომ ეს საკუთარი გუნდის გამარჯვებად წარმოეჩინა. ხელისუფლებისთვის ეს იყო მისი სწორი პოლიტიკის შედეგი. ხალხისთვის – უმრავლესობის ნების გამარჯვება, ოპოზიციას, კი სტატუსის მონიჭებამ „ქართული მაიდანის“ ორგანიზების საფუძველი გამოაცალა. ოპოზიციას კარგად ესმის, რომ მათ მხოლოდ გარედან (ნეოლიბერალებიდან) დახმარებით შეუძლიათ აქ ძალაუფლების დაუფლება, რადგან თავისუფალ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ გააჩნიათ.

მიუხედავად ამისა, პირველი შოკის შემდეგ, ოპოზიციამ საქმის ასეთი შემობრუნება მაინც პერსპექტიულად მიიჩნია 2 მიზეზის გამო: 1.სცადეს, რომ ეს საკუთარ გამარჯვებად მიეწერათ და გააგრძელეს ხალხის მოტყუების ხაზი, რომ ებრძვიან „რუსულ ოცნებას“, რომელსაც თურმე არ უნდოდა ამ სტატუსის მიღება, და 2.ახლა გააძლიერებენ ხელისუფლებაზე ზეწოლას, რომ ახალი 9 რეკომენდაცია არ სრულდება და ამის შესრულება მხოლოდ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გახდება შესაძლებელი.

ოპოზიციის პირველი არგუმენტი კარგა ხნის გაცვეთილია, რადგან ხალხის უმრავლესობა არც ისეთი გაბრიყვებულია, რომ ის დაიჯეროს, „რუსეთისკენ მიმავალ“ ოცნებას გზა აერია და უცებ ევროპაში ამოგვაყოფინა თავი. მთავარი აქ მეორე არგუმენტია, ანუ რეკომენდაციების შესრულება. რეკომენდაციების შესრულება კი იმ ქოთანს ჰგავს, რომელსაც მექოთნე საიდანაც უნდა, იქიდან მოაბამს ყურს.

ალბათ გვახსოვს, 2-3 თვის წინ ევროსტრუქტურებში ყველა ამბობდა, საქართველოს 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია აქვს შესრულებულიო. უკრაინელებზე ამბობდნენ, 7-დან მხოლოდ 3 შეასრულესო. მაგრამ დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სტატუსის მონიჭების შესახებ, ყველამ დაიწყო ერთ ხმაზე სიმღერა. დეკემბრის დასაწყისში უკვე ყველა ერთხმად ამტკიცებდა, უკრაინამაც, მოლდოვამაც და საქართველომაც უმაღლეს დონეზე შეასრულეს დავალებაო. რა თქმა უნდა, ეს იგრძნო ჩვენმა ბედკრულმა ოპოზიციამაც, ლოზუნგი- „პრორუსულ პარტიას არავინ მისცემს სტატუსს!“, სასწრაფოდ შეცვალა ლოზუნგით – „სტატუსს მოგვცემენ ოპოზიციას, ქართველ ხალხს და არა ხელისუფლებას!“

სტატუსის მიღების ზეიმს საზოგადოების ის ნაწილიც შევუერთდით, რომლებიც გაგვახარა არა იმდენად სტატუსმა, რამდენადაც, იმ ფაქტმა, რომ ჩვენმა ქვეყანამ არავის და არაფრის წინაშე, ქედი არ მოიხარა. ის არ გაუწვა ფეხქვეშ არც ჯოზეფ ბორელს, არც ნაცების ლობისტ ევროპარლამენტარებს და არც სხვებს. საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკასა და ევროპას ხმამაღლა უთხრა, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, არ დავთმობთ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არავის შიშითა და ზეწოლით, თუ გინდათ ასეთი საქართველო, მაშინ მოგვანიჭეთ სტატუსი, არ გინდათ და თქვენთვის შეინახეთო. სწორედ ეს იყო ჩვენთვის საზეიმო და ეს ვიზეიმეთ კიდეც. ჩვენ კარგად ვიცით, რომ სტატუსი არაფრის გარანტია არ არის და ის მხოლოდ პოლიტიკური პიარის ტექნოლოგიური ნაწილია.

ახლა დგება მეორე ეტაპი, ზეწოლისა და იძულების მეორე სერია, რომლის ლობისტებიც გარედან „ომის პარტია“, ხოლო შიგნიდან ქართული ოპოზიცია და მათი ენჯეოები იქნებიან. გამოცხადებულია, რომ 2030 წლისთვის ევროკავშირი უნდა გაფართოვდეს, ეს ხალხი ალბათ თანდათან მოითხოვს ისეთი კანონების მიღებას, რომელიც გულისხმობს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, გეიპარადების უზრუნველყოფას, დიდი ოდენობით ლტოლვილების მიღებას და ა.შ. ვიცით, ახლავე გამოხტებიან ვაი “უფლებადამცელები“ და ჰომოფობობას და ქსენოფობობას დაგვაბრალებენ, მაგრამ ჩვენ არ მოგვიგონია ის ფაქტი, რომ ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანას ასეთი კანონები მიღებული აქვთ, ხოლო ვისაც არა აქვთ (პოლონეთს, უნგრეთს), მათ ამის გამო სხვადასხვა ფინანსურ სანქციებს უწესებენ და მათთვის ხმის უფლების შეჩერებასაც კი ცდილობენ? ვნახოთ, 2030 წლისთვის თვითონ ევროკავშირი სად და როგორ იქნება, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, თუ ამ დროს იქ ჩვენს ადგილს დავიკავებთ, მხოლოდ ისე, როგორც ახლა მოხდა – იქ უნდა ვიყოთ არა დაჩოქილი, ასკინკილით მოხტუნავე დაჩმორებულ-დამონებული, არამედ ჩვენი რწმენით, ტრადიციებით და ღირსებით წელგამართულები.

პირველი გამოცდა ამ ხელისუფლებამ წარმატებით ჩააბარა და იმედს ვიტოვებთ, რომ მეორე გამოცდის ჩაბარების პერიოდშიც ჩვენი ხელისუფლება ანალოგიურად მოიქცევა. ამისათვის უფალმა განგვისაზღვრა გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც ევრო-კავშირს ისევე როგორც სხვა ქვეყნებსაც სერიოზულად სჭირდება. ქართველ ხალხს კი გვჭირდება კლასიკურ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული ლიბერალური და არა ფაშიზმთან მიახლოებული, ლამაზი სიტყვებით შეფუთული, სიძულვილით სავსე ნეოლიბერალური „ღირებულებები“. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენ ვზეიმობთ არა სტატუსს, (ვინაიდან კანდიდატობა და წევრობა საშუალებაა და არა მიზანი), არამედ იმ საშუალებას, რომელსაც მოგვცემს ეს სტატუსიც და ევროკავშირის წევრობაც ტერიტორიული გამთლიანების, დემოკრატიის გაძლიერებისა და რეალური დამოუკიდებლობის მიმართულებით.” – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,123 ნახვა