ხანდახან მის ამ ქმედებებს უფრო პროვოკაციის სუნი ასდის, ვიდრე რაიმე რეალური სიკეთის. ჩვენ გვახსოვს, წინა პერიოდშიც ამბობდა, საქართველო არ იმსახურებს [კანდიდატის სტატუსს], ახლაც, ბოლო პერიოდშიც, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ერთსულოვნება, რადიკალური ოპოზიციის ნარატივზე იჯდა და ამბობდა, რომ არ იმსახურებს [კანდიდატის სტატუსს], – ასე შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, მთავრობის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლა.
ქადაგიშვილის თქმით, ზურაბიშვილს არასდროს აღუნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ სამუშაო შეასრულა და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს იმსახურებდა.
“რაც ევროკომისიამ დადებითი დასკვნა მოგვცა, ამის შემდეგაც, ერთხელაც არ დასცდენია, რომ სახელმწიფომ, მთავრობამ სამუშაო შეასრულა, პროგრესი დაგვანახა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მან თვითონვე აუკრძალა საკუთარ თავს და არ მისცა თავის თავს საშუალება, რომ ამ საქმეში ყოფილიყო საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად და დარჩა რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა