GD Banner
საზოგადოება სოციალური ქსელები და მედია

ფონდი „ქართუ“ განცხადებას ავრცელებს

 გასულ შაბათს ნოდარ მელაძის გადაცემაში გავიდა მორიგი უსუსური სიუჟეტი, რომელშიც ავტორებმა კვლავინდებურად სცადეს ბიძინა ივანიშვილისა და „ქართუს“ სტრუქტურების დისკრედიტირება. პროპაგანდისტული სიუჟეტი აგებული იყო ძველი ნაცადი რეცეპტით – რაც უფრო დიდი და უსაფუძვლოა ტყუილი, მით მეტი ადამიანის შეცდომაში შეყვანაა შესაძლებელი, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ განცხადებაშია აღნიშნული.

„თუმცა, სიუჟეტი იმდენად უსუსური და დაუსაბუთებელი გამოდგა, რომ ყურადღებიან მაყურებელს მეტი კითხვა მისი ავტორებისადმი უნდა გასჩენოდა. მიუხედავად აღნიშნულისა, საჭიროდ ვთლით მოკლე კომენტარის გაკეთებას. შეგახსენებთ, თუ რაზე იყო საუბარი: არაფრისგან სენსაციის შექმნის დიდოსტატებმა გამოაგორეს ბრალდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ერთ-ერთი ოფშორის მეშვეობით შექმნა საქართველოში სპეციალური ორგანიზაცია – „ახალი სერვისი“, რომლის მეშვეობითაც, სისტემურად ახდენს ქართველი მაღალჩინოსანი საჯარო მოხელეების მოსყიდვას, რისთვისაც ამ ორგანიზაციიდან რეგულარულად რიცხავს გიგანტურ თანხებს.„მამხილებელი“ ფსევდო-სიუჟეტის ავტორთა მოსაზრებით, ამ გზით, თითოეულ „ჩინოვნიკზე“ ხდება ათიათასობით ამერიკული დოლარის გადახდა და ამ ყველაფრის მტკიცებულებად „საგამოძიებო ჟურნალისტიკის კორიფეებმა“ მოიყვანეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის დეკლარაცია, სადაც აღნიშნული იყო, რომ მისი მეუღლე ხსენებული ორგანიზაციიდან იღებს წარმოუდგენელი სიდიდის თანხას – 1400 ლარს!

რეალობა კი შემდეგია: ადრეც მრავალგზის თქმულა, რომ ივანიშვილების ოჯახი მკაფიოდ და მკაცრად მიჯნავს ფონდის საქველმოქმედო საქმიანობასა და პირად თემებს. ფონდი „ქართუს“ მხრიდან დაფინანსებას იღებენ საზოგადო მოღვაწეები, კულტურისა და სპორტის წარმომადგენლები, რომელთაც დამსახურება მიუძღვით ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. ხოლო, „ახალი სერვისით“ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დახმარებას უწევს საკუთარ ნათესავებს, ახლობლებს და მეგობრებს. ამ ორი თემის გადაკვეთა არასოდეს მომხდარა არა იმიტომ, რომ რამე იურიდიული შეზღუდვა არსებობს და ფონდიდან აკრძალულია ახლობლების დახმარება, არამედ იმიტომ, რომ ეს თავად ივანიშვილების ოჯახის გადაწყვეტილებაა, რომელიც ყოველთვის მიჯნავს პირადი ხასიათის საკითხებს ფონდის საქველმოქმედო საქმიანობისგან. ეს ხაზს უსვამს მათ ძალზე დელიკატურ და პრინციპულ დამოკიდებულებას ქველმოქმედებისადმი და ნათლად აჩვენებს მაღალ ზნეობრივ სტანდარტს. ახლობლების დასახმარებლად სპეციალური ორგანიზაციის დაფუძნება ემსახურებოდა ერთადერთ მიზანს, რომ ყველაფერი მოქცეულიყო სამართლებრივ ჩარჩოში და მომხდარიყო შესაბამისი საგადასახადო რეგულირება.

ორგანიზაცია „ახალი სერვისის“ მხრიდან, დახმარებას იღებს ოჯახის რამდენიმე ათეული ახლობელი და ახლო ნათესავი, მათ რიცხვში მოხდა ბატონი იური ნოზაძის მეუღლეც. ამ უკანასკნელმა კი, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, აღნიშნული დააფიქსირა თავის ყოველწლიურ დეკლარაციაში. თითქოს ყველაფერი ნათელია და ამ თემაზე კომენტარი ადრეც უამრავჯერ გაკეთებულა. მიუხედავად ამისა, თვითმარქვია „გამომძიებლებმა“ ეს ბანალური გარემოება წარმოაჩინეს მორიგ სენსაციად და ახალი უსუსური სიუჟეტი გამოაცხვეს საკუთარი მრევლის გულის გასახარებლად. როგორც ხედავთ, „ტვ პირველის“ საფირმო სტილი ყველაფერში დაცულია. ფსევდო ბრალდებების მეორე ნაწილი ეხებოდა კვიპროსელ იურისტს – ქრისტოდოლუს ვასილიადის. პროპაგანდის დიდოსტატებმა, აურიეს რა ერთმანეთში ღია ტყუილი და ნახევრად სიმართლე, შეფუთეს ეს ყველაფერი გაუგებარი ფრაზებით, დაადეს ყველაფერს დრამატული სასერიალო მუსიკა და აქაც მორიგი მსოფლიო შეთქმულება აღმოაჩინეს!

სიმართლე კი, როგორც ყოველთვის, ძალზედ პროზაული და ბანალურია. ხსენებული კვიპროსელი იურისტი წარმოადგენს ჩვეულებრივ სამეწარმეო რეგისტრატორს. მისი სერვისებით სარგებლობს ათასობით კომპანია მთელი მსოფლიოდან. ერთადერთი შეხება “ქართუს” სტრუქტურებთან შემოიფარგლებოდა იმ ფაქტით, რომ ის აწარმოებდა კომპანიის სარეგისტრაციო მომსახურებას. მისი დასანქცირება არაფერ კავშირშია არც ბიძინა ივანიშვილთან და არც “ქართუს” რომელიმე კომპანიასთან. იმის მიუხედავად, რომ სიტუაცია და კანონმდებლობა ამას არ მოითხოვდა, “ქართუმ” მასთან კავშირში მყოფი ორგანიზაციების სხვა რეგისტრატორთან გადასვლა მოახდინა, რითაც ინციდენტი თვისობრივად ამოიწურა, მაგრამ არა „ტვ პირველისთვის“.უფრო გასაგები რომ იყოს ფართო მაყურებლისთვის მოვიყვანთ შემდეგ მაგალითს: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ როგორც უამრავი სხვა კლიენტი სარგებლობთ რომელიმე ბანკის მომსახურებით. რაღაც მომენტში ბანკს რომ გაუჩნდეს რაიმე სამართლებრივი დავა ან/და მოჰყვეს სანქციებში თანაც თქვენგან სრულიად დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რამდენად შესაძლებელი იქნება ამაზე დაყრდნობით თქვენს ბრალეულობაზე საუბარი? არადა, სწორედ ამას აკეთებენ “ტვ პირველის“ ჟურნალისტები. დარწმუნებული ვართ, მათ მშვენივრად ესმით მსგავსი ბრალდებების აბსურდულობა, მაგრამ ასე სჭირდება მათ დამკვეთს და ისინიც ასრულებენ.

ეს ყველაფერი, ჩვენი მხრიდან მრავალჯერ თქმულა. ყველაფერზე გაცემულია შესაბამისი კომპეტენტური და ამომწურავი ახსნა-განმარტება. ამის მიუხედავად, რეგულარულად ხდება ფაქტობრივად ერთი და იგივე, თითიდან გამოწოვილი, ბრალდებების წარდგენა. გაუთავებლად მანტრასავით ატრიალებენ გაცვეთილ თემებს. აღნიშნული მკაფიოდ ახდენს ჟურნალისტიკის სავალალო მდგომარეობის ილუსტრირებას და ასახავს მსგავსი სიუჟეტების ავტორთა პროფესიონალურ უმეცრებას, ამორალურობასა და საცოდაობას.ვინაიდან ასე დაჟინებით ირგებთ საგამოძიებო ჟურნალისტიკის კორიფეთა მანტიას, ჩვენც გვაქვს თქვენდამი შემხვედრი კითხვა და წინადადება: ხომ არ გამოიძიებდით ჯერ თქვენი დამფუძნებლების ფინანსების წარმომავლობის საკითხს და გაიგებდით, ხელფასებს ვინ გირიცხავთ? სანამ სხვისი საქმეებით დაინტერესდები, საკუთარი ხომ უნდა გქონდეს საფუძვლიანად შესწავლილი!“ – აღნიშნულია განცხადებაში

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,288 ნახვა