კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეისბუქზე წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, წელს ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.
„კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო რეგიონული და საერთაშორისო ლიდერის პოზიციებით ხვდება.
წელს ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ ძალისხმევა კორუფციასთან ბრძოლის წინააღმდეგ.
უმნიშვნელოვანესი იყო დამოუკიდებელი, მაღალი ანგარიშვალდებულების ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომელიც ერთი ქოლგის ქვეშ აერთიანებს კორუფციის პრევენციის ყველა ფუნქციას.
ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო შედეგები მაღალ შეფასებას იმსახურებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან:
„World Justice Project“-ის წლევანდელ „კანონის უზენაესობის ინდექსის“ ისეთ წამყვან ფაქტორში, როგორიცაა კორუფციისგან თავისუფლება, საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ თანახმად, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველო მსოფლიოში მე-20, ევროპაში მე-11, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მე-2 ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ მრავალ სახელმწიფოს.
„Transparency International“-ის „კორუფციის აღქმის ინდექსში“ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილზეა და რეგიონში ლიდერია.
ჩვენთვის კვლავაც პრიორიტეტად რჩება გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეთიკური მმართველობის განმტკიცება და კორუფციისგან თავისუფალი საზოგადოების შენება”, – აღნიშნავს პრემიერი.