ხელმოწერების შეგროვების კამპანია მხოლოდ საკუთარი თავის გაპიარების მიზანს ემსახურება და სხვას არაფერს, რადგან სტატუსის საკითხი გადაწყვეტილია და ორ კვირაზე ნაკლებ დროში ეს ოფიციალურად გამოცხადდება. ამ ყალბი კამპანიის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ 15 დეკემბერს ეს ხელმოწერები ჩაიტანოს ევროპაში და გაამყაროს ის ყალბი ნარატივი, თითქოს, საზოგადოებას მიეცა ეს სტატუსი და არა – ხელისუფლებას, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე წერს.
როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ სტატუსის მიღებას ემხრობა საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, რაც ყველამ იცის და ხელმოწერებით ახალი რა უნდა აჩვენოს სალომე ზურაბიშვილმა გარდა საკუთარი თავის წარმოჩენის.
მისივე თქმით, ყველაფრიდან ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი უფლებამოსილების დარჩენილ წელიწადზე ნაკლებ ვადას ბოლომდე არ მიიყვანს, სავარაუდოდ, უკვე გაზაფხულიდან დატოვებს პრეზიდენტის პოსტს და „შუას შეგროვების“ პრეტენზიით აქტიურად ჩაებმება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში.
„სალომეადა
სალომე ზურაბიშვილის „საქმენი საგმირონის“ არასრული სია:
1. კრიმინალი პოლიტიკოსების შეწყალების გზით გათავისუფლება;
2. საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ლობირება;
3. ამერიკული კანონის (FARA ს) „რუსულ კანონად“ მონათვლის მხარდაჭერა;
4. პოლიციელებზე თავდამსხმელების აქტიური ქომაგობა და წახალისება;
5. საქართველოს დადანაშაულება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევაში;
6. ქვეყნის კონსტიტუციის სისტემატური, დემონსტრაციული დარღვევა;
7. ევროპელების დარწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლება ანტიევროპული და პრორუსულია, ანუ კანდიდატის სტატუსის ტორპედირება;
8. საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინების საწინააღმდეგოდ რუსეთის მხრიდან საჰაერო ფრენების აღდგენაზე ისტერიული რეაქცია;
9. პრიგოჟინის ერთდღიანი გამონათების დღეს აცუნდრუკებული განცხადებების გაკეთება და ამით ქვეყნისათვის რეალური საფრთხის შექმნა;
10. ბოლოდროინდელი პოლიტიკური გააქტიურება ოპოზიციურ ფლანგზე, რაც სხვადასხვა ჯგუფებთან შეხვედრების ორგანიზებით და ვითომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსზე ხელმოწერების შეგროვებით გამოიხატება.
ბოლო, მე-10 პუნქტზე შევჩერდეთ და ვნახოთ, რის მიღწევას ცდილობს მადამ პრეზიდენტი.
დავიწყოთ იმით, რომ ხელმოწერების შეგროვების კამპანია მხოლოდ საკუთარი თავის გაპიარების მიზანს ემსახურება და სხვას არაფერს, რადგან სტატუსის საკითხი გადაწყვეტილია და ორ კვირაზე ნაკლებ დროში ეს ოფიციალურად გამოცხადდება. თანაც, ნებისმიერი კვლევა აჩვენებს, რომ სტატუსის მიღებას ემხრობა საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი, რაც ყველამ იცის და ხელმოწერებით ახალი რა უნდა აჩვენოს სალომემ გარდა საკუთარი თავის წარმოჩენისა? ამ ყალბი კამპანიის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ 15 დეკემბერს ეს ხელმოწერები ჩაიტანოს ევროპაში და გაამყაროს ის ყალბი ნარატივი, თითქოს საზოგადოებას მიეცა ეს სტატუსი და არა – ხელისუფლებას.
რაც შეეხება სხვადასხვა ჯგუფებთან (ჟურნალისტებთან, მეცნიერებთა, ხელოვნების მუშაკებთან, სტუდენტებთან, არასამთავრობოებთან და სხვებთან) შეხვედრებს, აქაც თვალნათლივ ჩანს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი იფლანგება არა საქვეყნო საქმეებისთვის არამედ, მხოლოდ სალომეს პიარისა და პოლიტიკაში თავისი გუნდის შექმნისთვის.
გვახსენდება სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის პარტიული მიზნებისთვის დახარჯული თანხები, რომელიც მაშინდელი კონტროლის პალატის თავმჯდომარემ სულხან მოლაშვილმა გაასაჯაროვა და პროკურატურაშიც გადააგზავნა, რადგან არამიზნობრივი იყო სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის დროს,(2002 წ) მის მიერ საკუთარი წიგნის დაბეჭდვისთვის, პარტიული დროშების დამზადებისთვის, პარტიული აქტივისტების შეხვედრებისთვის და სხვა პარტიული მიზნებისთვის სააკაშვილის მიერ დახარჯული საბიუჯეტო სახსრები. სწორედ კონტროლის პალატის დასკვნას, სააკაშვილის მხრიდან, არამიზნობრივად ბიუჯეტის გაფლანგვის გასაჯაროებას შეეწირა სულხან მოლაშვილის ჯერ თავისუფლება, შემდეგ ჯანმრთელობა და ბოლოს, სიცოცხლე.
სამწუხაროა, რომ დღემდე არ გამხდარა ეს ფაქტი გამოძიებისა და სააკაშვილისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი.
დღესაც არავინ ინტერესდება, რამდენად მიზნობრივია სალომეს მხრიდან ბიუჯეტის ფულის ხარჯვა მომხრეების ძებნის მიზნით და ასეულობით ადამიანთა “ფართების”ორგანიზებისთვის.
რაც შეეხება იმას, რომ სალომე აპირებს თავის გარშემო „შუას“ შეგროვებას (რაც ხაზარაძის მიზანია), ეს იმდენად აშკარაა, რომ ამაზე აღარც კი დავობენ.
ვინაიდან ზურაბიშვილს საკუთარი პარტია არ გააჩნია, გასარკვევია მხოლოდ ის თუ რომელ პარტიას აირჩევს ქოლგად.
ერთნი ამბობენ, რომ რადიკალების საპირწონე, კოალიციას ის შექმნის გახარიასთან, იაგო-გირჩთან, ლომჯარიასთან, ალეკო ელისაშვილთან და სხვებთან, ხოლო მეორენი მიიჩნევენ, რომ ის შეიძლება „ლელოს“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდეს. სალომემ დაინახა, რომ „არც ნაცი, არც ქოცი“ ამომრჩევლის რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ დიდია და ამ ნიშის დაკავებას ცდილობს.
ამ მცდელობაში მას სხვებთან შედარებით ის უპირატესობა გააჩნია, რომ საქართველოში მისი ურეიტინგობის კომპენსაცია შეუძლია მოახდინოს უცხოეთში საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციების დაფიქსირებით.
მოკლედ, ყველაფრიდან ჩანს, რომ ან მადამ პრეზიდენტი უფლებამოსილების დარჩენილ წელიწადზე ნაკლებ ვადას ბოლომდე არ მიიყვანს და სავარაუდოდ, უკვე გაზაფხულიდან დატოვებს პრეზიდენტის პოსტს და „შუას შეგროვების“ პრეტენზიით აქტიურად ჩაებმება საპარლამენტო არჩევნებისთვის ბრძოლაში ან,თუ ის საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე დარჩება, მას გამოიყენებენ არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისათვის“, – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.