საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ ოპოზიციის არც ერთ ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში მტკიცდება, რომ ეს არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„ზოგჯერ შეცდომით ამბობენ ხოლმე, ხანდახან კი განზრახ – რომ სანქციებს საქართველო არ უერთდება და ამით აძლევს ვიღაცას საშუალებას, გვერდი აუაროს სანქციებს. ეს სწორად უნდა განვუსაზღვროთ მოქალაქეებს და განვუმარტოთ: საქმე ისაა, რომ თუ სანქციებზე მიერთება იმას გულისხმობს, რომ არავის ეძლევა საშუალება, საქართველოში სანქციებს გვერდი აუაროს, ამ შემთხვევაში ჩვენ სანქციებს მიერთებულები ვართ. თუ საუბარია ჩვენი მხრიდან სანქციების დაწესებაზე, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ 0.3%-იანი წილით ვერაფერს უზამ რუსეთს. თუმცა როდესაც პირიქით 10%-ზე მეტი ზიანი უნდა მიიღო, ესე იგი სანქციების დაწესება ნიშნავს თავის მოტყუებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას. ამას არ ვაპირებთ – სიტყვით იქნება, თითქოს რუსეთს დაუწესდა, და ამ დროს საკუთარ ქვეყანასა და მოქალაქეებს უნდა დავუწესოთ. გიჟები ხომ არ ვართ? ნამდვილად არ ვართ გიჟები და კონკრეტულ წარმატებებს ვაღწევთ. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებულ ოპოზიციის არც ერთ ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ, იმიტომ რომ ყველა შემთხვევაში მტკიცდება, რომ ეს არის მიმართული საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა მდინარაძემ.