GD Banner
საზოგადოება

“რაღაცები შეიცვალა… 8 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს… ნისიები მაქვს მაღაზიებში, რაის დუდუ და მოგვარება” – რას საქმიანობს ჩცდ-ს პოპულარული პერსონაჟი სერიალიდან გაუჩინარების შემდეგ

ამას წინათ ტრანსპორტში გოგონების საუბარს შევესწარი, “ჩემი ცოლის დაქალებიდან” რომელ პერსონაჟს გაჰყვებოდი ცოლადო, ასეთი კითხვა დასვეს და იცით, ვინ დაასახელეს? – დუდუ… რადგან ამ პერსონაჟის მიმართ ინტერესი არ ნელდება, მეც მას დავუკავშირდი ინტერვიუსთვის და ახლა “კვირის პალიტრის” სტუმარია ალეკო ბეგალიშვილი.

– მუსკომედიის თეატრში არაერთი როლი გაქვთ შესრულებული, მაგრამ სერიალის გადასაღებ მოედანზე გამოჩენამ, ვფიქრობ, რაღაც შეცვალა თქვენს ცხოვრებაში.

– რაღაც კი არა, ბევრი რამ შეცვალა. რაც მანდ გამოვჩნდი, მას შემდეგ ყურადღების ცენტში ვარ. სიმართლე გითხრათ, ცხოვრებაში ეს დიდად არ მიყვარს, სცენაზე – კი. ამ სიბერეში გაპოპულარებამ, ცოტა არ იყოს, მყუდროება დამირღვია, თუმცა, მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ყურადღება არ მსიამოვნებს. ვიგრძენი, რომ ხალხს ვუყვარვარ და ამ გრძნობასთან ერთად პასუხისმგებლებაც გაიზარდა. ადრე ისე დავბოდიალებდი ქუჩაში, ხან დავლევდი, რამე, რუმე და ზედ არ მიყურებდა არავინ, ახლა კი ერთხელ ნასვამმა გამოვიარე და ვიღაც ბავშვებმა დამცინეს, ე, ნახე, დუდუ რა დღეშიაო. მას შემდეგ ვცდილობ ფხიზელმა მაინც ვიარო, ხოლო თუ დალევამ მომიწია, ტაქსით დავდივარ. რაღაცები შეიცვალა იმ მხრივაც, რომ ჩვენი მუსიკალური ჯგუფი “ამნეზია” ბარებში უკრავდა, მაგრამ დიდად არ იწუხებდნენ თავს ყურადღებით, ახლა კი დუდუ უკრავს, არიქა, დუდუ უკრავსო, უფრო ხშირად გვიძახიან.

– დუდუ სულ დაიკარგა სერიალიდან თუ დროებით?

– აზრზე არა ვარ. მე არ მაქვს მათთან კონტაქტი, ყოველთვის თვითონ რეკავდნენ ხოლმე, გცალია, დაგიწეროთ სცენარიო?..

ახლა მელოტი პოლიციელი რომაა, მაგაზე მიდის მთელი ამბები მაგ სერიალში? ვიღაცებმა მითხრეს თურმე, კომენტარებში განხილვაა, ზვერაძეს დუდუ უნდა შეხვდესო.

– კომენტარებშიც დუდუს იმედი აქვთ?..

– ჰო ეგრე მითხრეს. მე აზრზე არა ვარ, რა ხდება, 8 წელია ტელევიზორი არ ჩამირთავს. რომ გითხრათ, ჩცდ-ს ვუყურებ-მეთქი, მოგატყუებთ. როცა გადის, მაგ დროს თეატრში ვარ. ჩემი სერიებისთვის კი შემივლია თვალი, იმიტომ, რომ რაღაც ნაკლს რომ ვიპოვი, გამოვასწორო.

– კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ?

– ზედმეტად და ეს ხელს მიშლის ბევრ რამეში. სულ არ მომწონს ჩემი თავი, ჩემი ხმა მაღიზიანებს. ისეთ რამეებს ვამჩნევ, რაც მხოლოდ მე ვიცი და სხვამ არა.

– ამ როლზე მუშაობისას შთაგონების წყარო ვინ იყო?

– არავის ვბაძავ, ჩემი თავიდან გამომდინარე ვაკეთებ ყველაფერს. რა გამოდის, უკვე აღარ ვიცი.

– ცხოვრებაში ჰგავხართ დუდუს?

– რით ვგავარ, ის მომგვარებელია, ვიღაცებს საქმეს უგვარებს, მე კიდევ ვაგვარებ კი არა, ნისიები მაქვს მაღაზიებში, რაის დუდუ და მოგვარება.

– სად იპოვეთ ნისიიანი მაღაზია, სულ ყველგან მარკეტები გახსნეს.

– სად ვიპოვე და, უბანში. ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრება ხომ გინდა. იმ ხელფასს რომ ავიღებ, ბანკს მიაქვს 800 ლარი, პლუს შუქი, ინტერნეტი და მორჩა, სადღაა შენი ხელფასი. მაღაზია არის აგერ უბანში, მივდივარ, გვაძლევენ და ხელფასზე ვიხდი. ასეთი ამბებია.

– თქვენი უბანი დიდუბეა? მამათქვენთან, ბატონ ბადრი ბეგალიშვილთან ვყოფილვარ ინტერვიუზე.

– მე და ჩემი უფროსი ძმა პირველი ქორწინებიდან ვართ. მეორე ძმაც მყავს მეორე ქორწინებიდან. ისინი ცხოვრობდნენ დიდუბეში, ჩვენ, ვინც პირველი ქორწინებიდან ვართ, ვორონცოვზე ვცხოვრობთ. “ღვინის გალერეა” რომ არის, მაგის გადმოღმა, იტალიურ ეზოში. მამაჩემიც ამ ეზოში გაიზარდა, ჩვენც აქ ვართ ძირ და ჭერგამოხრულ სახლში, რომელიც ნელ-ნელა ინგრევა, სარდაფი სავსეა წყლით და კოღოებივით. მოდიან ინვესტორები, რომ დაანგრიონ და რაღაც ახალი დადგან, მაგრამ მოლაპარაკებამდე ვერ მივედით…

– თქვენს ეზოსაც სჭირდება ერთი დუდუ?

– აქ ისეთი ამბავია, ერთი დუდუ ვერ ეყოფა.

– მამასთან დამოკიდებულებაზე მიამბეთ? რით ჰგავხართ ბატონ ბადრის?

– სიმღერის მხრივ ძმებში ყველაზე მეტად მე დავემსგავსე. მასავით ძლიერი ხმა არა, მაგრამ სმენა კი მაქვს. უფრო დაკვრა მომწონს, როკი, ბლუზი… თეატრში რასაც ვმღერი, უფრო ესტრადისკენაა.

– მამა ფიცხი იყო?

– მაგარი, სულ ჯაჯღანებდა, ყვიროდა­ და ჩხაოდა. მეც ეგეთი ვარ, მაგაში ვგავარ ძალიან. რაღაცაზე თუ გავბრაზდი, უცებ ვფეთქდები. ეგრე იყო ისიც, ცხონებული. მე 5 წუთში საერთოდ მავიწყდება, არაფერი მრჩება გულში. ამის გამო ბევრ რამეში დავზარალებულვარ.

– რას გარიგებდათ მამა?

– მაგის დარიგება გინება იყო. ისე ლაზათიანად შეგაგინებდა, გესიამოვნებოდა. გინებაცაა და გინებაც, ზოგი ისე იგინება, გულს აგირევს.

– მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?

– მსახიობობაზე არასოდეს მიფიქრია. ბავშვობაში ვამბობდი, რეჟისორობა მინდა-მეთქი, მაგრამ ეს უფრო ბავშვური ახირება იყო. მერე, ინსტიტუტის პერიოდი რომ დამიდგა, მაგ დროს გიტარა მეჭირა ხელში, თავი ლენონი მეგონა. “ბიჭები”­ ერქვა ჩვენს ჯგუფს, “ბითლზის” ინსპირაციით რაღაც სიმღერებს ვწერდით. არც ვგეგმავდი არსად ჩაბარებას. მერე მამაჩემმა მითხრა, მუსკომედიის ფაკულტეტზე გაიხსნა კიდევ ერთი ფაკულტეტი, საესტრადო, და 2 ადგილია სულ, მიდი, ჩააბარე, მაინც ტყუილად დაყიალებ ქუჩა-ქუჩა­ და შენი ჯგუფით, დიპლომი რომ გექნება, უფლებას მოგცემენ, რაც გინდა ის აკეთოო. ჩავაბარე…

– მუსკომედიის თეატრში მამის გავლენით მიხვედით?

– არა. თეატრალურიდან მთელი ჯგუფი­ მინიატიურების თეატრში გაგვანაწილეს. ეს 90-იანი წლებია. თენგიზ ჩანტლაძე უკვე აღარ იყო ცოცხალი. ჩვენ იქ ყოფნისას დირექტორად მირიან ჭილაძე­ დანიშნეს, ძალიან კარგი კაცი. ადრე, აკაკი­ ვასაძის დროს, რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად იყო ნამუშევარი. თავიდან ბოლომდე თეატრისთვის დაბადებული ადამიანი იყო. დავდგით ერთი სპექტაკლი, ჯაბა იოსელიანი მობრძანდა პრემიერაზე ფრაკით. მაშინ პირველი კაცი იყო…

– რა სპექტაკლი იყო?

– “ბატონებო, ჩვენ ვხუმრობთ”. ორიგინალური ვოდევილი იყო ძალიან, ახლებური ხერხით, შავი იუმორით, რაც მაშინ იშვიათი იყო. რეჟისორმა დალი კალატოზიშვილმა დადგა. სამწუხაროდ, მაშინ ხალხი თეატრში ვერ დადიოდა. სულ რაღაც სამჯერ ვითამაშეთ სპექტაკლი. თეატრს დაფინანსება არ ჰქონდა… ერთხანს სამხატვრო ხელმძღვანელად მამუკა კიკალეიშვილი მოვიდა, ცოტა მოგვხედა, მერე ისევ აირ-დაირია ყველაფერი… არ დაადგა ამ თეატრს საშველი. ამასობაში ჩვენი დირექტორი მუსკომედიაში გადაიყვანეს… ამის მერე აღარაფერი­ ხდებოდა. ძირითადად მაშინდელ გორკის ბაღში ვატარებდით დროს. იქ მიდი­ოდა არაყი,­ “ზაკუსკა”, დღეს რა დავლიოთ, ხვალ რა ვქნათ?…

ერთ მშვენიერ დღესაც მიხმობენ ტელეფონთან, მუსკომედიის თეატრიდან გაწუხებთ, ნესტორ ჭილაძეს­ უნდა თქვენი ნახვაო. მივედი, შევხვდით და მეუბნება, მე რომ იმ ვოდევილში გნახე, მას მერე ვფიქრობ, რომ ნიჭს ტყუილად ხარჯავ, ესაო, ისაო, გადავწყვიტე, აქ გადმოგიყვანო. სულ არ მაინტერესებს, შენ რას მეტყვი, მე დასში გაფორმებო! ავტეხე ამბავი, ეტყობა, მამაჩემმა გთხოვა და შეკრული ხართ-მეთქი. ამოიწყვიტა ყველაფერი, მამაშენი აზრზე არაა, აქ რომ ხარ მოსულიო. მერე რომ გავარკვიე, მართლა აზრზე არ იყო. მოკლედ, მიმიღეს მუსკომედიაში და მას შემდეგ აქ ყოფნაში­ გავიდა წლები… დოიმ საერთოდ შემომილაწუნა, იმიტომ, რომ ამ 90-იანების გადამკიდეს დაკარგული მქონდა ყველაფრის მუღამი.

– როგორ შეგხვდნენ მუსკომედიის თეატრში?

– მუსკომედიაში დამხვდა ძველი თაობა, მამაჩემი, მასზე უფროსები, არაჩვეულებრივი ადამიანები, მიმიღეს, ჩამიკრეს გულში, როლები მომცეს… რასაც ისინი ქმნიდნენ, აკეთებდნენ და კომუნისტების დროს იყო აქტუალური, ის დრო წავიდა. 90-იანებმა ბევრი რამ შეცვალა ყველაფერში. თეატრი კიდევ ხომ დროის სარკეა, ეპოქას ასახავს და იმ ტკივილებს, რაც დროში ხდება. ჰოდა, სამწუხაროდ, თეატრი ამ ტკივილს არ ამბობდა. ესენი კი ისევ თამაშობდნენ “კურკას ქორწილს”, “ბაბაჯანას ქოშებს”…

– სიახლეების დრო დადგა…

– დოიმაც ხომ დადგა “გაყრა”, “შეყრა”, ძველი თემები აიღო, მაგრამ როგორ დადგა, ხომ?! სულ სხვა ხედვით, სხვანაირად, მე-15 თუ მე-17 წელია ანშლაგებით მიდის.

მოკლედ, ვარ მუსკომედიაში, წლები მიდის და ახალი არაფერი ხდებოდა. არადა, იმ პერიოდში სარდაფი გახსნა ჭოლამ, ახალი სპექტაკლები დადგა, გავგიჟდით, ისე მოგვეწონა. დრომ მოითხოვა სიახლე.

– მამათა და შვილთა შეხედულებებზეა საუბარი.

– ყველას უდიდეს პატივს ვცემ. თუმცა­ ჩვენს თაობას უფრო ახალი თამაშის ხერხი გვაინტერესებდა, აქედან გამომდინარე,­ იმედგაცრუება დამეუფლა. დინებას მივყვე­ბოდით. ერთი სული მქონდა, დამთავრებულიყო რეპეტიცია, რომ ან არაყი დაგველია ბუფეტში, ან “ჯოკერი” გვეთამაშა. შემოქმედების გარდა, ყველაფერზე ვფიქრობდი.

– სმა ბევრჯერ ახსენეთ…

– სასმელი ყოველთვის მევასებოდა, მაგრამ ლოთაობა და თავის დაკარგვა არ მახასიათებს. ქეიფი მიყვარს.

– თამადობა და ტრადიციული ქართული ქეიფი გიყვართ?

– თუ თამადა ნიჭიერი კაცი, იუმორით­ სავსე, ინტელექტალური ტიპია, კი. თემიკო ჩირგაძის თამადობა შედევრი იყო. როდესაც­ ასეთი კაცი იყო თამადა, იმ სუფრაზე ბედნიერება იყო მოხვედრა. რასაც ტრადიციებს ეძახის ზოგიერთი და თამადობის გაგებაში არაა, არასდროს მომწონდა­. სიმართლე გითხრათ, დიდ სუფრებს დიდად არ ვეტანები, უფრო 3-4 მეგობარი თუ დავსხდებით. თემიკოსთანები დღეს აღარ არიან, ან თუ არიან, მე არ მხვდებიან, სამწუხაროდ.

– თქვენ სადაც ზიხართ, იქ თამადობთ?

– თამადობას განსაკუთრებული ნიჭი უნდა, ისეთი ელემენტებით გაჯერებული, რომელიც მე არა მაქვს.

– შვილებზეც მიამბეთ, როგორი მამა ხართ?

– უფრო თანატოლებივით ვურთიერთობთ, ვიდრე მამაშვილურად. გოგო და ბიჭი მყავს. ორივე სწავლობს. გოგოს უფრო ხელოვნების სფერო აინტერესებს,­ ბიჭს – ფინანსები. მუსიკაც უყვარს. მძიმე­ მუსიკას უკრავენ, ვოკალისტია. ლაივზე­ ვიყავი და მომეწონა ძალიან, მიუხედავად­ იმისა, რომ იმ ჟანრს არ ვუსმენ, რასაც უკრავენ.

– თავის საიდუმლოებს განდობენ?

– გოგო უფრო დედამისთანაა გახსნილი პირადულ თემებზე, ბიჭი – კი.

– თქვენმა გოგონამ რომ დუდუსთანა­ ტიპი აირჩიოს ცხოვრების მეგზურად, რა რეაქცია გექნებოდათ?

– ვინც უნდა, ის აირჩიოს. მე როგორიც მინდა, ისეთი აირჩიეო, ხომ არ ვეტყვი,­ ადრე რომ იცოდნენ… იმიტომაც ინგ­რეოდა ოჯახები. გოგოს შეყვარებული ჰყავს, ვიცნობ, აკითხავს, მშობლებიც­ ყურა­დღებას აქცევენ, მანქანით გამოუვლიან ხოლმე, მიჰყავთ, მოჰყავთ. ძალიან კარგი ბიჭია.

– პოლიტიკაში მოხვიდოდით ოდესმე?

– რას ლაპარაკობ, რა პოლიტიკა, მაგ საქმეს ცოდნა უნდა. ყველა პოლიტიკოსია დღეს და იმიტომ გვაქვს კარგად საქმე.

ცხოვრებაში მთავარია ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარდეს. მიტევება შეგვეძლოს. მშვიდობა თავისთავად უმთავრესია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,177 ნახვა