„გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, „გირჩი“ სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობაზე უარს არ აცხადებს, თუმცა ვერ ხედავს პოლიტიკოსებს, ვისთანაც ამ საკითხზე დიალოგი შესაძლებელია.
როგორც მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განმარტა, პრობლემა ბარიერის გადალახვა კი არ არის, არამედ ქვეყანაში პოლიტიკოსობის მსურველი ადამიანი არ არიან.
„არ ვაცხადებ უარს, რომ ვინმესთან არ ვითამშრომლებ. უბრალოდ, ერთ ადამიანს ვერ ვხედავ, ვის ვეთანამშრომლო?! სხვები დამალულები არიან, „ლელო“ „გასულია“. მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავი გასჭირვებიათ, საერთოდ არაფრისთვის სცალიათ, საკუთარი შიდაპარტიული სკანდალები აქვთ. ფიზიკურად არ არსებობს ხალხი. პრობლემა ბარიერი ან სხვა რამ კი არ არის, ამ ქვეყანაში პოლიტიკოსობის მსურველი ადამიანი არ გვყავს. ხელისუფლების ხელში აღების ნება აქვს ბიძინას, მიშას და სხვები დაქირავებული თანამშრომლებივით არიან“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისი განმარტებით, ის სხვადასხვა პარტიებთან საჯარო საუბარს ითხოვს, მაგრამ მსურველი არავინ არის.
„თქვენი შექმნილია ეს პოლიტიკოსები, სინამდვილეში არც კი არსებობენ. თუ არ გჯერა, ფული, სანაძლეო დავდოთ და გაჩვენებთ, ვინც არიან, საერთოდ არავინ. მე როგორ უნდა მეშინოდეს 5%-იანი ბარიერის გადალახვის ამ იდიოტების ხელში“, განაცხადა მეგრელიშვილმა.
მისი განმარტებით, მთავარი პრობლემა არის ის, რომ პარტიები ინტერაქციას ყველანაირად გაურბიან.
„ჩვენ ძალიან გვინდა გავერთიანდეთ, მაგრამ ეს ამბავი ფიზიკურად არ გამოდის. რაღაც რომ გამოკვეთო, საჭიროა ვიღაცასთან ინტერაქციაში შეხვიდე, ადამიანებმა უნდა დაინახონ განსხვავება ერთ პარტიასა და მეორე პარტიას შორის. ჩვენი მთავარი პრობლემა არის ის, რომ პარტიები ინტერაქციას ყველა გზითა და საშუალებით გაურბიან. ფეხბურთელებისთვის ტრანსფერების სეზონი რომ არსებობს, ახლა არის პოლიტიკოსების ტრანსფერების სეზონი პოლიტიკურ პარტიებში. იმის გამო, რომ ასეთი სიტუაცია გვაქვს, ეს ხალხი ფიზიკურად ვერ ბედავს რამე პოზიცია ჩამოაყალიბოს, რომ მერე არ მოუწიოს ვიღაცასთან გაერთიანება-გამოერთიანება, რომ წინ არ დახვდეს მის მიერ გამოთქმული აზრი ან პოზიცია. ამის გამო გვაქვს გასტერილებული პოლიტიკური გარემო, სადაც კაციშვილმა არ იცის, ვის, რა უნდა“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.
ამასთან, მან პარტია “ლელო“ მიერ პარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტი – “საქართველოს დაცვის აქტი“ შეაფასა, რომელიც ცხრა პუნქტისაგან შედგება.
როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი აღნიშნავს, სინამდვილეში, „ლელოს“ პოზიცია არ გააჩნია.
„სინამდვილეში, ჩემი აზრით, პოზიცია არ გააჩნიათ ან რადიკალურად არაკვალიფიციურები არიან. ოპოზიციის შიგნით „ლელოს“ არათუ უიმედოდ ვუყურებთ, არამედ ვუყურებთ ისე, რომ გაზიანებს, ადგილს რომ იკავებს ვიღაც, ხმას რომ გამოსცემს, მაგრამ შინაარსი არასდროს რომ არ გააჩნია“,-განაცხადა მეგრელიშვილმა.