„ოპოზიციიდან ზოგიერთს პენიტენციურ სისტემაზე საუბრის უფლება აქვს, თუმცა, საოცრებაა როცა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ლაპარაკობენ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.
სოზარ სუბარის თქმით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბოლო 9 წლის განმავლობაში რამდენი პატიმარიც გარდაიცვალა, იმდენი „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში კვდებოდა.
„მინდა იმ პრობლემატურ საკითხებს მივუბრუნდე, რომლებიც ჩვენმა კოლეგებმა წამოჭრეს. ერთ-ერთი საკითხი არის პატიმრების რაოდენობა საქართველოში. ნამდვილად, პატიმრების რაოდენობით ევროპაში ერთ-ერთი მძიმე მაჩვენებელი გვაქვს. დაახლოებით, 110 არის ევროპის საშუალო მაჩვენებელი და 125-მდე – საქართველოს მაჩვენებელი. ოპოზიციიდან ზოგიერთს ამ თემაზე საუბრის უფლება აქვს, თუმცა, საოცრებაა როცა ამაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ლაპარაკობენ. როდესაც ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, 6000 კაცი იყო საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, 4 წელიწადში კი 400%-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი – 24 000-ზე ავედით და საქართველო ამ მხრივ, აშშ-სა და რუსეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა. ასეთი სწრაფი ზრდა ამ მხრივ მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ჰქონია. ამ ზრდას, ბუნებრივია, საპატიმროების პირობები ვერ მიჰყვა. 24-საწოლიან საკანში 120-130 პატიმარი იყო და წარმოიდგინეთ, ამ საკანში მყოფი ხალხის მდგომარეობა როგორი იქნებოდა.
ეს იყო საკანი, რომლის ფანჯარაც არ იღებოდა, რომლის კარსაც არ აღებდნენ და სადაც საპირფარეშო შიგნითვე იყო მოწყობილი. ამ საკანში, უბრალოდ, ჰაერი არ მოძრაობდა. ამიტომ იყო პატიმრებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. 144 პატიმარი გარდაიცვალა 2010 წელს, 140 – 2011 წელს. საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ბოლო 9 წლის განმავლობაში რამდენი პატიმარიც გარდაიცვალა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში კვდებოდა იმდენი. რატომ იყო სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი იმ დროს? იმიტომ, რომ აწამებდნენ პატიმრებს, არ მკურნალობდნენ მათ; როცა პატიმარი მკურნალობას ითხოვდა, ამის ნაცვლად ის მორგში ჩაჰყავდათ და უსასტიკესად აწამებდნენ. ამოწერილი მაქვს მაგალითები მოხსენებებიდან, რომლებიც ეკუთვნის გიორგი ტუღუშს, ადამიანს, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შემოვიდა. მანაც კი ვერ დამალა ის უმძიმესი ფაქტები, თუ როგორ აწამებდნენ ადამიანებს იმის გამო, რომ ისინი ითხოვდნენ წამალს, ან იმიტომ, რომ მათი საქმეები სტრასბურგში მიჰქონდათ. პატიმრების წამების, ცუდი მოპყრობის, მკურნალობის არქონის ან ციხეში არსებული ცუდი მდგომარეობის გამო, არცერთი საქმე არ არის წასული სტრასბურგში 2012 წლის პირველი დეკემბრის შემდეგ. წელიწადში იყო ტუბერკულოზის დაახლოებით 1500-2000 ახალი შემთხვევა, მაშინ, როდესაც ახლა ეს შემთხვევები ათეულის ფარგლებშიც აღარ არის და სულ რაღაც ასზე ნაკლებია იმ პატიმრების რაოდენობა, რომლებიც ამ დაავადებაზე მკურნალობენ.
დაახლოებით 10-12-ჯერ შემცირდა სტრასბურგში მთლიანად ქვეყნიდან წასული საჩივრების რაოდენობა (და ეს იმის გამოკლებით, რაც რუსეთის წინააღმდეგ იყო გაგზავნილი), ვგულისხმობ ჩვეულებრივ, ხელისუფლების წინააღმდეგ გაგზავნილ საჩივრებს. დღეს კი რაზე ვსაუბრობთ ციხეებთან დაკავშირებით? მინისტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რამდენი სპორტული ღონისძიება ტარდება ციხეებში, საუბრობდა, რომ ხანგრძლივი პაემნების უფლება უკვე ბრალდებულებსაც უნდა ჰქონდეთ და არა მხოლოდ – მსჯავრდებულებს, რომლებიც ადმინისტრაციის შეფასებით, კარგად იქცევიან. დღეს ვსაუბრობთ, რამდენი კულტურული ღონისძიება ტარდება ციხეებში, როგორი დასაქმების პირობებია პატიმრებისთვის და როგორ იყიდება მათი ნაწარმი მთელი ქვეყნის მასშტაბით; რესოციალიზაციის რა პირობებია და ა.შ.
მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, რომლებიც ამბობენ, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, რათა პატიმრების რაოდენობა საშუალო ევროპულ სტანდარტს მივუახლოვოთ და ამ შემთხვევაში, ჩვენთვის ნამდვილად არ არის მისაღები ის სტანდარტი, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებში არის დამკვიდრებული – ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყოველ 100 000 პატიმარზე 600-700 ადამიანი იხდის სასჯელს და ეს მათთან არის ჩვეულებრივი ამბავი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.