პრემიერ-მინისტრს და ჩვენ ჩვენ ქალბატონ სალომეს პრეზიდენტს აღარ ვუწოდებთ, რადგან მას ჩვენი მხრიდან ლეგიტიმაცია აღარ აქვს, ანუ უმრავლესობის მხრიდან, ვინც ის აირჩია, ლეგიტიმაცია არ აქვს. ამიტომ მოვიხსენიებთ მას არა პრეზიდენტად, არამედ, უბრალოდ სალომე ზურაბიშვილად, ოპოზიციონერ პოლიტიკოსად, რომელიც ამ ნიშაში მშვენივრად ჩაჯდა, ზოგ შემთხვევაში გაასწრო კიდევაც რადიკალიზმის ხარისხით, ქმედებებით თუ საუბრით, ჩვენს ოპოზიციონერ რადიკალ დეპუტატებს თუ სხვა ოპოზიციონერებს, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებების გამო, მმართველ გუნდს პარტნიორ ქვეყნებთან ბოდიშების ხდა უწევს. კერძოდ, მდინარაძემ შეაფასა ზურაბიშვილის მიერ ჩინეთის ლიდერის, სი ძინ პინის შესახებ LCI-სთან გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ გასაკვირი აღარ უნდა იყოს, თუ რატომ არ აძლევს მას მთავრობა ლეგიტიმაციას სხვა ქვეყნებთან ურთიერთობისას.
“სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე გვიწევს ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ბოდიშების ხდა, პრემიერ-მინისტრს და ჩვენ. დღეს ვდგავართ და ვებოდიშებით, რადგან იმდენად დამაზიანებელი განცხადება გააკეთა ორი ქვეყნის ურთიერთობებში, რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება იმპიჩმენტის საკითხზე, მთელ მსოფლიოს რომ დავანახეთ, ეს ადამიანი უხეშად არღვევს კონსტიტუციას, ჩვენი მხრიდან ეს დაფიქსირდა, გახმოვანდა, იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყეთ და ამით ხაზი გავუსვით ამ დარღვევის მნიშვნელობას. ეს რომ არ ყოფილიყო, ათასჯერ უარეს და უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. შემდეგ, ეს ქალი ამბობს, რატომ არ მიშვებენ ევროპაში, რატომ არ შემიძლია წარმოვადგინო მთავრობა და ქართველი ხალხი, რატომ მიზღუდავენ გადაადგილებას ევროპის ქვეყნებში და რატომ არ მაძლევენ ლეგიტიმაციას, მათი სახელით ვილაპარაკო სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში, როცა ასეთ უხერხულ და საბოდიშო მდგომარეობაში აგდებს ხელისუფლებას და ხალხს.” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში კითხვაზე, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, უპასუხა: “მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.”