ნარკომანები, ნარკოტიკებით მოვაჭრეები და უსახლკაროები, რომლებსაც წალეკილი ჰქონდათ სან-ფრანცისკოს ცენტრი, სასწაულებრივად გაუჩინარდნენ ამ კვირაში, რადან ქალაქი მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიებისთვის ემზადება,-ამის შესახებ ამერიკული გამოცემა „ნიუ იორკ პოსტი“ წერს.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ უსახლკაროები ქალაქის სხვა ნაწილებისკენ შეავიწროვეს, რადგან მალე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი უნდა გაიმართოს, რომელიც 17 ნოემბრამდე გაგრძელდება.
ამასთან, ქალაქის მცხოვრებლები და ბიზნესის მფლობელები ამბობენ, რომ ნარკომანების და უსახლკაროების ცენტრიდან გაყრა წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ „ლეიკოპლასტირს“ სერიოზული პრობლემის გადასაწყვეტად, რადგან ადამიანების ნარკოტიკებით ზედოზირება ქალაქში კვლავ მასშტაბური ხასიათისაა.
როგორც გამოცემასთან საუბრისას, სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, ქალაქის ხელმძღვანელობამ რამდენიმე რაიონის „გაწმენდა“ დაიწყო, სადაც გაცილებით მჭიდროდ არის კონცენტრირებული უსახლკაროთა ბანაკები და ქუჩაში ყოველდღე დადიან ჰეროინითა და ფენტანოლით გაბრუებული ადამიანები.
„კარვების აღება ამ კვირის დასაწყისში დაიწყეს და პოლიციელთა რიცხვმაც საკმაოდ მოიმატა, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ამის ადრე გაკეთება. თუმცა, როგორც კი სამიტი დამთავრდება, პოლიციელთა რიცხვი ისევ შემცირდება და ქალაქის ცენტრს ისევ მოედებიან ნარკომანები. 2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, ქალაქში, ზედოზირებით 620 ადამიანია დაღუპული“,-აცხადებენ სამოქალაქო აქტივისტები.
სამიტის მონაწილეთა შორის არიან ჯო ბაიდენი, რომელიც ჩინეთის ლიდერს სი ძინ პინს შეხვდება. მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, ქალაქმა ნარკოტიკების ღია ბაზრის „გასაწმენდად“ სხვა ნაბიჯებიც გადადგა. აღნიშნული რამდენიმე რაიონს შეეხო, მათ შორის ნენსი პელოსის ფედერალურ შენობას მე-7 ქუჩასთან. ჯერ კიდევ აგვისტოში ამ შენობაში თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის განკარგულება მიეცათ, რადგან შენობაში შესვლა საშიში გახდა. ათობით ნარკომანს შესასვლელთან, კიბეები მთლიანად დაკავებული ჰქონდა.
The Chronicle-ის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონი მთლიანად გაიწმინდა უსახლკაროთა კარვებისგან, თუმცა პრობლემა სხვა ადგილებში გამწვავდა. ერთ-ერთი სუპერმარკეტის მფლობელი ამბობს, რომ ქალაქმა სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას. მისივე თქმით, დილით, თავის მარკეტთან ორი გვამი აღმოაჩინა.
მისი თქმით, პრობლემა „ლეიკოპლასტირით“ არ მოგვარდება და ის, რაც ქალაქში ხდება, ცუდი ადმინისტრაციის ბრალია.