GD Banner
ისტორია

ნინო კვაჭანტირაძე: რით ვბრუნდებით ევროპულ ოჯახში

ჩვენი სამშობლოს ამბები – რით ვბრუნდებით ევროპულ ოჯახში,- ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

წლების წინ, ჩემს უბის წიგნაკში საგანგებოდ დავიწყე ყველაფრის ჩაწერა, რასაც საქართველოზე საინტერესოს და განსაკუთრებულს ამოვიკითხავდი, ვნახავდი ან მოვისმენდი და დროდადრო, ვაქვეყნებდი. შთამბეჭდავი ინფორმაცია მომიგროვდა. ვიცი, ბევრი წარსულით „ტრიპაჩობასაც“ დამაბრალებს, მოდავეებიც გამოჩნდებიან, მაგრამ ურაპატრიოტიზმის გარეშე მჯერა, რომ დიდი ისტორიის ქვეყნიდან ვარ და რაშიც ვერ მომედავებიან ესაა, რომ საქართველო ჩემი სამშობლოა!

1. მსოფლიოში 5000-მდე ერი და 200-მდე სახელმწიფოა. ჩვენ ერთ-ერთი უძველესი ისტორიის ერი ვართ და სახელმწიფოც გვაქვს.

2. საქართველოში, სვეტიცხოვლის ტაძარშია დაფლული ქრისტეს კვართი.

3. მსოფლიოში 7000-ზე მეტი ენა არსებობს, დამწერლობა კი სულ 15-ია. აქედან ერთ-ერთი ქართულია, მეხუთე − სიძველის მიხედვით.

4. ქართული მწერლობა 15 საუკუნეს ითვლის. შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის კლასიკადაა აღიარებული.

5. საქართველო უძველეს ევროპელთა სამშობლოა. 2001 წელს დმანისში აღმოჩენილი ზეზვა და მზია 1,8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ!!!

6. დადასტურებულია, რომ საქართველოში ძაფი 34 ათასი წლის წინათ დაართეს.

7. ჩვენი ქვეყანა აღიარებულია ოქროს წარმოების უძველეს კერად.

8. საქართველოს მეტალურგიის სამშობლოდ მიიჩნევენ. აქ აღმოჩენილია უძველესი არტეფაქტები. ძველბერძნულ ენაში პროტოქართველ ხალიბთა (ხალდეველ-ქალდეველთა) ტომის სახელი – „ხალიუფს“ ითარგმნება როგორც „რკინა“; ანუ სწორედ პროტოქართული ცივილიზაციიდან გავრცელდა მეტალურგია და რკინის იარაღი ასირიაში, მესოპოტამიასა თუ ძველ საბერძნეთში.

9. შესაძლებელია, საქართველო თაფლის უძველეს სამშობლოდაც აღიარონ. არქეოლოგებმა ბორჯომის მახლობლად აღმოაჩინეს 5,5 ათასი წლის წინანდელი თაფლის ჭურჭელი! ეს კი ეგვიპტეში, ტუტანხამონის სამარხში აღმოჩენილ თაფლზე 2 ათასი წლით ძველია.

10. ქართული ხალხური სიმღერა 2001 წელს UNESCO-მ კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლად აღიარა. 1977 წელს ილია ზაქაიძისა და როსტომ საგინაშვილის შესრულებული „ჩაკრულო“, როგორც დედამიწის ხმების ნიმუში, NASA-მ კოსმოსში გაგზავნა დედამიწისგარე ცივილიზაციის წარმომადგენლებისთვის.

11. ქართულ ხალხურ ცეკვას მრავალი საუკუნის ისტორია აქვს. ქართული ეროვნული ქორეოგრაფია მსოფლიოში საუკეთესოდაა მიჩნეული.

12. საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოა. საქართველოში 600-მდე ყურძნის ენდემური ჯიშია. საქართველოში აღმოჩენილია 8 ათასი წლის წინანდელი ქვევრი ყურძნის წიპწებით! UNESCO-მ ქართული ქვევრი და ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიცია კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარა!

13. საქართველო ხორბლის ერთ-ერთი სამშობლოა, მსოფლიოში სულ 27 სახეობის ხორბალია და აქედან 14 ქართული ჯიშია.

14. ქართული სამზარეულო გამორჩეულია მრავალფეროვნებით და აღიარებულია მთელ მსოფლიოში.

15. საქართველოში 1000-ზე მეტი მინერალური წყალია.

16. საქართველოს გარდა, ძნელად დაასახელებთ ქვეყანას, სადაც უდაბნოც არის, ტროპიკული ტყეც, ზღვისპირეთიც და თოვლიანი მწვერვალებიც.

17. დედამიწაზე ნიადაგის 52 სახეობაა და აქედან 47 საქართველოშია.

18. საქართველო მსოფლიო გასტრონომიული ტურიზმის რეიტინგის პირველ სამეულშია.

19. ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა გამოაქვეყნა რეიტინგი „მსოფლიოს 10 უჩვეულო ადგილი, რომელთა შესახებაც ჯერ არ გსმენიათ“ (შეადგინეს ცნობილმა მოგზაურებმა სოფი იბოტსენმა და მაქსომ ლოუვერჰორმა). მათ შორისაა: ქალაქი მეროე (სუდანი), ქ. მუშჰედი (ირანი), ვეფხვების ნაკრძალი კანხა (ინდოეთი), კუნძული სოკოტრა (იემენი)… და კახეთის რეგიონი (საქართველო).

20. ქართული ჩურჩხელა მსოფლიო ტკბილეულთა ათეულშია (მეშვიდე ადგილი).

21. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ძველი ქართული უნივერსიტეტია ევრაზიის კონტინენტზე.

22. საქართველო უძველეს ცივილიზაციათა სამეულში დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Top Tens-ზე დაყრდნობით sova.news აქვეყნებს. პირველ და მეორე ადგილებს საბერძნეთი და ეგვიპტე იყოფენ. ეს რეიტინგი ძველი ცივილიზაციებისთვის დამახასიათებელი განსაკუთრებული კრიტერიუმების მიხედვით არის შედგენილი.

23. გასულ წელს, The Top Tens-ის რეიტინგში საქართველოს მეფე დავით აღმაშენებელი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო სამხედრო მეთაურთა სიის სათავეში მოხვდა. ქართველმა მეფემ ალექსანდრე მაკედონელსაც გაუსწრო.

24. საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მე-13 საუკუნით თარიღდება და ის მსოფლიოში სიძველით დანიის შემდეგ მეორეა. ეს ფაქტი მსოფლიო ჰერალდიკის საბჭომ დაამტკიცა.

25. ამ პატარა ქვეყანაში 26 060 მდინარე, 856 ტბა და 44 წყალსატევია…

26. 300 ჰექტარზეა გადაჭიმული ტორფის საბადო. ბენტონიტური თიხის მარაგი 10 მილიონ ტონაზე მეტია.

27. ზღვის სანაპირო ზოლი 315 კილომეტრია…

28. ქვეყნის მინერალური, თერმული და მტკნარი წყლის რესურსი 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიო მაჩვენებელს. ტყეებს ჩვენი ტერიტორიის 39% უკავია.

29. ფლორის მკვლევართა მონაცემებით, საქართველოში 4200 სახეობის მცენარეა, აქედან 22% ენდემურია, ანუ ისეთი, მხოლოდ აქ, ამ მიწაზე რომ ხარობს.

30. დედამიწაზე მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მინიჭებული აქვს 213 ადგილს, მათ შორისაა: ამაზონის ტყე, გრანდ კანიონის ეროვნული პარკი, იელოუსტოუნის ეროვნული პარკი, მთა ეტნა, შვეიცარიის ალპები…

2021 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყნის ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.

31. ყველს, ამ გამორჩეულ საკვებ პროდუქტს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა ტექნოლოგიით აწარმოებენ. დადგენილია, რომ ყველაზე ხანგრძლივი ისტორია 4 ათას წელიწადს ითვლის, საქართველოში კი ყველის შესანახი ჭურჭელი 8 ათასი წლისაა.

32. მთელ მსოფლიოში ქართველი ქალები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებიც პარტიული, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მუშაობაში მონაწილეობდნენ. 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი ქალებმაც მოაწერეს, 1919 წელს კი დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დამფუძნებელ კრებაში 5 ქალი აირჩიეს.

33. ქობულეთში, ისპანის უნიკალური ჭაობი – მსოფლიოში ერთადერთი მფილტრავი სფაგნუმური ჭაობი 1997 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ადგილია შავი ზღვის სანაპიროდან სამასიოდე მეტრში. ტორფნარი ინახავს მნიშვნელოვან არქეოლოგიურ ღირსშესანიშნაობებს, ნამოსახლარებს, რომელიც თარიღდება IV და III საუკუნეებით ჩვენს ერამდე.

34. საქართველოში 11620 ეკლესია-მონასტერია.

პ.ს. და მთავარი -„საქართველოს ისტორიას რომ გაეცნობი, ნამდვილად ღმერთს იწამებ, რადგან არანაირი ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ამ ერს აქამდე მოეღწია, უბრალოდ არ არსებობს“, – ამბობდა ინგლისელი მწერალი და მთარგმნელი დევიდ ლანგი საქართველოს შესახებ.

და ახლა ევროპულ ოჯახში ჩვენი დაბრუნება ჩემი ქვეყნის სიცოცხლის ხანგრძლივობის გარანტიაა, ოჯახის კარს კი მის წევრს ყოველთვის უღებენ, როცა აკაკუნებს!

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,292 ნახვა