თუ უარი არ თქვა „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად სტატუსზე, ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ევროპის საბჭომ, რომელიც შედგება ქვეყნის მთავრობის მეთაურებისგან, მიიღოს ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც გაახმოვანა კომისიის თავმჯდომარემ, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება და მთავრობამ უნდა აირეკლოს ის, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს და ეს 9 რეკომენდაცია არის ზუსტად ის, რაც არსად მიდის და შესასრულებელია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ვანო მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ხელისუფლებას და ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ „იყვნენ მეტად სახელმწიფოზე ორიენტირებულები“.
„იგივე პრობლემები შეიძლება ჰქონდეს მოლდოვას, უკრაინას, მაგრამ ნდობა არის ხელისუფლებების მიმართ, არის კონკრეტული პროცესი, მათ შორის ოპოზიციის ჩართულობით. საერთო ჯამში, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს ეხება არა მარტო მთავრობას, არამედ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს. არსად წერია, რომ ვაძლევთ ქართველ ხალხს და ერთიან ოპოზიციურ დემოკრატიულ ძალებს და მათ ლიდერებს. აქაც პრობლემა არის, ანუ ორივეს მოუწოდებდნენ, რომ იყვნენ მეტად სახელმწიფოზე ორიენტირებული. პოლიტიკა, კინკლაობა, პინკ-პონგი და შპილკაობა რომ არის, ეს ჩვენზე კარგად იციან, მაგრამ როდესაც შენი ბედი წყდება, იქნები თუ არა დასავლეთის ნაწილი, ევროკავშირის და ევროატლანტიკური სივრცის, თუ აღმოჩნდები რუსეთის რკინის ფარდის მიღმა, ეს ერთიანობა ნიშნავს იმას, რომ ორ ან სამ საკითხზე, ან 9 საკითხზე, რაც არის, უნდა მონახო საერთო ენა, რომ აირეკლო ქართველი ხალხის ნება გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს ფანჯარა იქნება ევროკავშირი, თუ ევროატლანტიკური სივრცე, ღია იქნება 24-დან 30-წლამდე, ამის დიდი ვარაუდი არსებობს, სადაც უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის დიდი ქვეყნები მიიღებენ, არა მარტო მოლაპარაკების დაწყების უფლებას, არამედ გაწევრიანდებიან. საერთო ჯამში, ორივემ, ოპოზიციამაც და ხელისუფლებამ, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ, პასუხისმგებლიანად ჩაატაროს შემდეგი პერიოდი იმისთვის, რომ რაღაცა ფორმით შეთანხმება იყოს.
ქვეყანას აკლია პოლიტიკა, ძალიან ხშირად პოლიტიკოსები შეფასებებით ექსპერტებს ეჯიბრებიან, ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები არის გადასადგმელი, ანუ კონკრეტული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მისაღები, რომელიც მთავრობაზეა. ჩვენ საერთო ჯამში სადამდე მივედით? იგივე განმეორებაა, რომ სამი მიაჩნია ევროკომისიას შესრულებულად, 9 შესასრულებელი, მაგრამ კრედიტი მისცა საქართველოს სახელმწიფოს და არა მთავრობას. პირდაპირ ამბობს, რომ მთავრობა რეალურად არ ასრულებს ამ 9 პრიორიტეტს და მაკრონის განცხადებაც ზუსტად ამის დადასტურებაა. არასდროს უჭირს მაკრონს, რომ ახსენოს ზელენსკი, სანდუ, ახსენოს სხვა ლიდერები, ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ მას ხომ შეეძლო ეთქვა: „მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერს, რომელიც არის ლიდერი“. არასდროს ერიდება. ამ თვალსაზრისით პრობლემაა. ეს როგორც ჩანს ე.წ. აირეკლეთ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაა შესამუშავებელი: საკანონმდებლო, აღმასრულებელ დონეზე, რომელიც მათ შორის, მოიცავს ევროკავშირთან, დასავლეთთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ჰარმონიზაციას, იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს მეტად დაცული, განჭვრეტადი და რუსებისთვის გასაგები იყოს, რომ პოლიტიკური ფრონტის, რომელ ხაზზეა. ვგულისხმობ, პოლიტიკურ ფრონტს და არა სამხედრო ფრონტს, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს „დახვეული“.
დღევანდელ პარლამენტს, „ქართული ოცნების“ დღევანდელ შემადგენლობას არანაირი სურვილი, არანაირი მენტალური განწყობა, პოლიტიკური მზაობა არ აქვს, რომ ეს დარჩენილი 12 პუნქტიდან 9 პუნქტი შეასრულოს, ამაზე ღიად საუბრობენ“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.