ვერ შემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ შეიძლება, პრეზიდენტი გაბლატავდა და როგორც უნდა, ისე იქცევა, რადგან კონსტიტუციის დარღვევის გამო მაინც ვერ ისჯება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იგი საქართველოს პრეზიდენტის მიერ საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„შერიგება უნდა ვითომ, ღარიბაშვილთან? შეიძლება ასეთი ნაბიჯი იყოს? არ ვიცი. შეიძლება ის იყოს, როცა შერიგება გინდა ადამიანთან და რაღაცას იყენებ. ან ვერ შემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, როდესაც, ბევრი მცდელობის მიუხედავად, პრინციპული ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ მოისყიდა „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, პრეზიდენტი გაბლატავდა და ზოგადად როგორც უნდა, ისე იქცევა ამიერიდან, რადგან მოგეხსენებათ, კონსტიტუციის დარღვევის გამო, მაინც ვერ ისჯება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩიას შეფასებით, მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით მხოლოდ დატუქსვას უნდა ველოდოთ.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ორბელიანის სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 9 ნოემბერს მიემგზავრება პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და რომელსაც პრემიერი დაესწრება.
აღნიშნულთან დაკავშირებითაც მთავრობის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს მთავრობისთვის არ მიუმართავს.