საფრანგეთის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველს, პოლ პოგბას ორწლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
50 დღის წინ პოგბას მიერ ჩაბარებულმა დოპინგტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, მის ორგანიზმში აღმოაჩინეს სუბსტანცია, რომელიც ტესტოსტერონის გამომუშავებას ზრდის. მას შემდეგ „იუვენტუსმა“ 30 წლის ფრანგი ფეხბურთელი სავარჯიშო პროცესს ჩამოაშორა.
ასეთი დარღვევისთვის 4-წლიანი დისკვალიფიკაცია არის გათვალისწინებული, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს, ხოლო ანტიდოპინგური სააგენტო ჩათვლის, რომ მას აკრძალული პრეპარატი განზრახ არ მიუღია, სასჯელი შეიძლება განახევრდეს.
ახლა პოლ პოგნა, რომელიც 2018 წელს საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, არჩევანის წინაშე დგას: გააფორმოს შეთანხმება ანტიდოპინგური სააგენტოსთან და 2-წლიანი დისკვალიფიკაცია მიიღოს, თუ გარისკოს და სპორტული სასამართლოს წინაშე წარდგეს.