2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ყველა იმ კითხვას პასუხობს, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ მმართველობის პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი, ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს. გვიდიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის ზრდა არ არის დაკავშირებული გადასახადების ზრდასთან ან ახალი გადასახადების შემოღებასთან.
მისივე თქმით, 2024 წლის ბიუჯეტი ერთ-ერთი საუკეთესოდ დაბალანსებული დოკუმენტია.
“2024 წლის ბიუჯეტის პროექტი ყველა იმ კითხვას პასუხობს, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ მმართველობის პერიოდში. 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტი 28.5 მილიარდი ლარი იქნება; 2012 წელს ნაერთი ბიუჯეტი მხოლოდ 8.6 მილიარდი იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024-ში ბიუჯეტი 3,3-ჯერ, ანუ 231%-ით გაიზარდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბიუჯეტის ასეთი ზრდა არ არის დაკავშირებული გადასახადების ზრდასთან, ან ახალი გადასახადების შემოღებასთან. 2012 წელს საგადასახადო ტვირთი/მშპ-სთან 24,7% იყო, ხოლო 2024 ბიუჯეტის მიხედვით, 24,6%-ს შეადგენს. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 2024 წლის ბიუჯეტი არა ახალი გადასახადებით, არამედ ეკონომიკის რეალური განვითარების ხარჯზე იზრდება. რაც შეეხება მაკრო პარამეტრებს, ყველა ინდიკატორით საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტი ექნება მომავალ წელს. დეფიციტი – 2,5%; ვალი 38,3% და სხვა. მსგავსი პარამეტრები ჩვენზე გაცილებით განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი შესაშურია. ყველას კარგად გვესმის, რომ ბიუჯეტის ასეთი შთამბეჭდავი ზრდა ნიშნავს, უკეთეს ჯანდაცვას, უკეთეს ინფრასტრუქტურას, უკეთეს განათლებას, უკეთეს უსაფრთხოებას და ა.შ. – ვერ ხედავდე ასეთ სიკეთეებს და ჩასაფრებულის პოზიციიდან უსაფუძვლოდ აკრიტიკო მსგავსი ბიუჯეტი – უბრალოდ მავნებლობა მგონია. საბოლოო ჯამში, ცალკეული კომპონენტების მიხედვით ბიუჯეტის ანალიზი გვერდზე რომ გადავდოთ, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი ერთ-ერთი საუკეთესოდ დაბალანსებული დოკუმენტია როგორც სოციალური, ისე სხვა ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.
P.S – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბიუჯეტის მხოლოდ პირველ და მეორე წარდგენას შორის თითქმის 700 მილიონიანი ზრდაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოზიტიური მოლოდინები მოსალოდნელზე დინამიურად ძლიერდება.” – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.