ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ოპოზიციას არ შეუძლია ერთმანეთისგან განასხვაოს, თუ რა არის შეურაცხყოფა და რა – არა.
„მათ ბოდიშის მოხდა და ღირსეული საუბარი არ შეუძლიათ. არ შეუძლიათ განასხვაონ, რა არის შეურაცხყოფა და რა – არა. დღეს შეკამათება რომ იყო, მითხრეს „მოღალატე“ რა შეურაცხყოფააო. მათთვის არ არის შეურაცხყოფა, მაგრამ ნორმალური ადამიანისთვის არის. სამშობლოს მოღალატეს რომ დაგიძახებენ, რაც არ უნდა საშინელებები ეძახო ადამიანს, მოღალატე ყველაზე მძიმე შეურაცხყოფაა.
ეს შეურაცხყოფა არაა, ეს არის პოლიტიკური შეფასებაო. მათთვის არის პოლიტიკური შეფასება, მაგრამ ნორმალური ქართველისთვის, ვისაც ოდნავ მაინც სამშობლოს განცდა და სიყვარული აქვს, ამაზე დიდი შეურაცხყოფა არ არის. ანუ შეურაცხყოფის ფორმულაზე ვერ ვთანხმდებით და სხვა რაზე შევთანხმდებით? ღირსება და ვაჟკაცობა ვისაც ეყო, ბოდიში მოიხადა და მათ აღიარებაც კი უჭირთ, შეურაცხყოფა არის თუ არა კონკრეტული საკითხები. ჩვენი განსხვავება სწორედ ამაშია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის პლენარული სხდომა ხმაურით დაიწყო.ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ირაკლი ბერაიას ბოდიშს არ იღებენ და თანამდებობიდან მის გადაყენებას ითხოვენ.
გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. მოგვიანებით მან განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.