საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა კვებას მოუმატა.
ალასანიამ სახალხო დამცველის წარმომადგენლების სააკაშვილთან ვიზიტზეც ისაუბრა.
“რაც ეწერა, ობიექტური დასკვნა იყო, ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით, მე ექიმი არ ვარ, გამოკვლევებს არ ვუტარებ, მაგრამ თვალით რასაც ვხედავ, უფრო მხნედ არის, კვებას მოუმატა, თუმცა, არის რაღაცები, რასაც კატეგორიულად ვერ იღებს, რამდენად ითვისებს ორგანიზმი, ეს უკვე სხვა საკითხია, ექიმები მეუბნებიან, რომ ვერ ითვისებს. იმედი მაქვს, რომ ენერგია მოემატება, ჯერ ძალიან უენერგიოდაა, თუმცა, მხნედაა, რაღაცის იმედი აქვს, მართალი გითხრათ, არ ვიცი რისი, მაგრამ მეც მაქვს იმედი“, – განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, ბრალი, რომელიც სააკაშვილს წარდგენილი აქვს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, რეალობას არ შეესაბამება.
“ჩემი დაკვირვებით, ჩემს შვილს არავითარი ცხოვრება არ ჰქონია, გარდა ქვეყნის ინტერებისა, 24 საათი ადამიანი იმას ფიქრობდა, რა გაეკეთებინა, რა ნაბიჯი გადაედგა ამ ქვეყნისთვის, მოსვენება, ძილი არ ჰქონია. ობიექტური გადაწყვეტილების მოლოდინი მაქვს, ეს მოსამართლეები, პროკურორები ხომ ამ ქვეყნის შვილები არიან და მათაც შესტკივათ ამ ქვეყანაზე გული“, – განაცხადა ალასანიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.