GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

ნანა კაკაბაძე: საქართველოში აღარ არსებობენ დასავლელი დონორების მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციები, ყველა ის ორგანიზაცია ანტისამთავრობო ორგანიზაციაა

2003 წლიდან არასამთავრობოების დამფინანსებლებმა გადაწყვიტეს უფლებადამცველები ხელისუფლების შეცვლისათვის პოლიტიკურ ბრძოლაში გამოეყენებინათ, რის შედეგადაც არასამთავრობოების აქტივისტი უფლებადამცველები გაპოლიტიკოსდნენ და 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ. დიდი ხანია საქართველოში აღარ არსებობენ დასავლელი დონორების მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციები. ყველა ის ორგანიზაცია, რომელსაც ისინი სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან დღემდე აფინანსებენ, არა არასამთავრობო, არამედ ანტისამთავრობო ორგანიზაციაა – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე.

ნანა კაკაბაძემ აღნიშნა, რომ ანტისამთავრობო ორგანიზაციებისგან მომავალშიც დიდ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, მაგრამ როდესაც მათ არასამთავრობოების და უფლებადამცველების მანტია მოშორდებათ, მათი მხილებაც უფრო ადვილი იქნება, მათგან მოსალოდნელ პროვოკაციებზე რეაგირებაც და ანტისახელმწიფოებრივი ვნებების განეიტრალებაც.

„ანტისამთავრობო ორგანიზაციების ვნებანი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა 90-იანი წლების შუა ხანებიდან დაიწყო.

ერთ-ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმრებმა დავაარსეთ (“ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“) და აშშ-ს და ევროპის სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებიდან სხვა ახლად შექმნილი არასამთავრობოების მსგავსად ჩვენც არაერთი დაფინანსება მივიღეთ.

ჩვენ, ორგანიზაციის წევრები თანდათან ვიღებდით თეორიულ განათლებას ადამიანის უფლებების დაცვის ფორმებისა და მეთოდების შესახებ, წლების მანძილზე სხვებთან ერთად ჩვენც არაერთ სემინარში და ტრენინგში მიგვიღია მონაწილეობა. ასე გაგრძელდა დაახლოებით 10-11 წელი.

შევარდნაძის ხელისუფლების მძაფრი კრიტიკის მიუხედავად, იმ დროს ხელისუფლების მხრიდან არსებობდა მზაობა, რომ არასამთავრობოების არაერთი შენიშვნა და წინადადება გაზიარებული ყოფილიყო. ეს გამოწვეული იყო ადამიანის უფლებათა პრობლემატიკაში ხელუსუფალთა გაუთვითცნობიერებლობით და შიშით ვინაიდან,ამ ჯგუფებს ლობირებდა და აფინანსებდა დასავლეთი.

ფაქტია, რომ 90-იანების მეორე ნახევარში და 2000-იანი წლების დასაწყისში ჩვენი და ჩვენი მსგავსი უფლებადამცველების მუშაობა საკმაოდ შედეგიანი იყო.

2003 წლიდან არასამთავრობოების დამფინანსებლებმა გადაწყვიტეს უფლებადამცველები ხელისუფლების შეცვლისათვის პოლიტიკურ ბრძოლაში გამოეყენებინათ, რის შედეგადაც არასამთავრობოების აქტივისტი უფლებადამცველები გაპოლიტიკოსდნენ და 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოვიდნენ.

მესამე სექტორში დარჩენილ უფლებადამცველებს შეგვიქმნეს ისეთი პირობები, რომ ფაქტობრივად ამოგვიქოლეს მუშაობის ყველა გზა და საშუალება.

მათი პოზიცია ასეთი იყო: ჩვენ, უფლებადამცველები უკვე ხელისუფლებაში ვართ და არავისაგან აღარ გვჭირდება უფლებების დაცვის სწავლება და კონტროლი.

მივიღეთ სიტუაცია, როდესაც თითქმის მთელი არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებაში გადასახლდა და ჩვენი მსგავსი ნეიტრალური არასამთავრობო ორგანიზაცია აღარავის სჭირდებოდა.

ამიტომ თავისი გავლენების წყალობით ჩვენმა ყოფილმა კოლეგებმა (ლევან რამიშვილმა, გიგა ბოკერიამ, თინა ხიდაშელმა, კახა ლომაიამ, გია ნოდიამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და სხვებმა) დასავლეთის ფონდებს შეაწყვეტინეს ჩვენი ორგანიზაციის დაფინანსება.

მართალია, ჩვენ ამის შემდეგაც არ შეგვიწყვეტია აქტივობები, მაგრამ თითქმის ერთადერთი აღმოვჩნდით, ვინც დიდი გაჭირვებით და ბრძოლით ცდილობდა რეალური მესამე სექტორის გადარჩენას.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ გაპოლიტიკოსებულმა ყოფილმა უფლებადამცველებმა ისე მასობრივად დაიწყეს უფლებადარღვევები, რომ შევარდნაძის ხელისუფლებას არც მოელანდებოდა.

ციხეებში დამყარებულ არაადამიანურ რეჟიმს დაარქვეს ქურდული სამყაროსა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფოს მხრიდან დაწყებულ რეკეტს და განკულაკების პროცესს – დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა, მოსამართლეთა გაყრას და სასამართლოს დამონებას – კორუფციის აღმოფხვრა, კრიტიკული მედიის დახურვა-განადგურებას – მტრული ძალების გამოვლენა, მოგონილი ბრალდებებით 180-მდე პოლიტპატიმრის დაჭერა-წამება-განადგურებას – რუსული აგენტურის წინააღმდეგ ბრძოლა და ა. შ.

ამ ყველაფრის მამხილებელი მძლავრი ინსტიტუტი კი უბრალოდ, აღარ არსებობდა, რადგან ამ ინსტიტუტის წარმომადგენელი უფლებადამცველები თვითონ იქცნენ უფლებადამრღვევებად.

მართალია, ფორმალურად ზოგიერთი მათგანი ისევ არასამთავრობო ორგანიზაციად იწოდებოდა, რომლებსაც უნდა ემხილებინათ ხელისუფალთა დარღვევები, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ ამხელდა „კმარელი უფლებადამცველი“ თეა თუთბერიძე ყოფილ კმარელს და უკვე ციხეთა სისტემის ჯალათად ქცეულ ბაჩო ახალაიას? ან „უფლებადამცველად“ დარჩენილი ლევან რამიშვილი მის მეგობარს გიგა ბოკერიას? ან კაპიტანი ეკა გიგაური და მათი მსგავსნი რა უფლებადამცველები უნდა ყოფილიყვნენ?

სწორედ იმ დროიდან მოდის არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციების (ანუ მესამე სექტორის) დეგრადაციის და გადაგვარების პროცესი.

მართალია, სახელმწიფო გადატრიალების „ვარდების რევოლუციად“ მიმღებმა დონორმა ორგანიზაციებმა მალევე დაინახეს ახალი ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ხასიათი, მაგრამ ჯიუტად თვალს ხუჭავდნენ მათი ქმედებების შეფასებაზე და მით უმეტეს, მხილებაზე. ისინი ბოლომდე თავისი შეცდომის არაღიარების პოზიციაზე დარჩნენ და ხალხის მიერ ნაცების გაპანღურების შემდეგაც დღემდე მათ მისტირიან, რადგან ისინი ხელისუფლებაში ყოფნისას მათი ნებისმიერი ბრძანების უსიტყვო შემსრულებლები იყვნენ. ამიტომაც ურჩევნიათ დამფინანსებლებს ისინი დღევანდელ ხელისუფლებას, რადგან ამ უკანასკნელის წარმომადგენლები არა დონორების, არამედ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობენ.

ერთი სიტყვით, დიდი ხანია საქართველოში აღარ არსებობენ დასავლელი დონორების მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციები. ყველა ის ორგანიზაცია, რომელსაც ისინი სააკაშვილის ხელისუფლების დროიდან დღემდე აფინანსებენ, არა არასამთავრობო, არამედ ანტისამთავრობო ორგანიზაციაა (შესაძლოა, უიშვიათეს შემთხვევაში, სადმე რაღაც გაეპაროთ და შედარებით ნეიტრალური ორგანიზაციაც დააფინანსონ).

„არასამთავრობოსა“ და „ანტისამთავრობო“ ორგანიზაციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა.

„ანტისამთავრობოები“ მხოლოდ ფორმალურად ითვლებიან არაპოლიტიკურ ორგანიზაციებად, რადგან ისინი რეალურად პოლიტიკურ ბრძოლაში ხშირად პოლიტიკურ პარტიებზე უფრო აქტიურადაც არიან ჩართულები ან უბრალოდ, ამ პარტიების ფილიალებს წარმოადგენენ.

ამიტომაც სულ არ არის გასაკვირი, როდესაც დღეს ვიგებთ, რომ მაგალითად, ლომჯარიას ანტისამთავრობო ორგანიზაცია რომელიღაც დონორს იმისთვის დაუფინანსებია, რომ მან ანტისახელისუფლებო გამოსვლების დროს სამართალდამრღვევებს ჯარიმები გადაუხადოს და ამით წაახალისოს ისინი, მიდით ნუ გეშინიათ, რაც უნდა ჯარიმა დაგაკისროთ სასამართლომ, ჩვენ გადაგიხდითო. არადა, მშვენივრად იციან, რომ ასეთი ჯარიმების მიზანი ბიუჯეტის შევსება კი არა, მომავალი დარღვევების პრევენციაა.

წარმოიდგინეთ, როგორ მოიქცეოდა აშშ-ს ხელისუფლება, თუ აღმოაჩენდა, რომ კაპიტოლიუმის შტურმის ან ნებისმიერი სხვა ანტისახელისუფლებო აქციის დროს დაჯარიმებულ პირს უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ორგანიზაცია უხდიდა ჯარიმებს. იქ ამას ვერც ვერავინ დამალავდა, რადგან FARA-ს კანონი ავალდებულებს ყველას, რომ გაასაჯაროოს უცხო ქვეყნიდან დაფინანსების მიზნობრიობა. ჩვენთან კი როგორც კი გამჟღავნდა, რომ ლომჯარიას ანტისამთავრობო ორგანიზაცია იხდიდა დაჯარიმებულთა ჯარიმებს, მაშინვე წაშალეს ეს ინფორმაცია საიტიდან. ამიტომაც უკადრებელი იკადრეს და აშშ-ს ზემოთ ხსენებულ კანონპროექტს „რუსული“ დაარქვეს და იმასაც მიაღწიეს, რომ ის კანონად არ ქცეულიყო.

მოკლედ, ანტისამთავრობო ორგანიზაციებისგან მომავალშიც დიდ სიურპრიზებს უნდა ველოდოთ, მაგრამ როდესაც მათ არასამთავრობოების და უფლებადამცველების მანტიას მოვაშორებთ, მათი მხილებაც უფრო ადვილი იქნება, მათგან მოსალოდნელ პროვოკაციებზე რეაგირებაც და ანტისახელმწიფოებრივი ვნებების განეიტრალებაც“ – წერს ნანა კაკაბაძე facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,060 ნახვა