დასავლური კომპანიები რუსეთს „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების წარმოებაში ეხმარებიან – გამოცემა The Insider-ის ცნობით, რაკეტის წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და კომპონენტების მიწოდებას გერმანული, პოლონური, ლიეტუვური, ლატვიური, ბელგიური, ბრიტანული და ამერიკული კომპანიები უზრუნველყოფენ.
The Insider-ის ინფორმაციით, „კინჟალებს“, ისევე, როგორც „ისკანდერებს“ აწარმოებს კორპორაცია KB Mashinostroyeniya, რომელიც სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხს“ ეკუთვნის.
ჟურნალისტების ინფორმაციით, რაკეტების წარმოებისთვის საჭირო სახარატო ჩარხებს საწარმოს აწვდის გერმანული კომპანია KEB-ის პარტნიორი KEB-Рус. გერმანიიდან შედის რუსეთში ელექტრონული კომპონენტების დამცავი შეფუთვისთვის საჭირო კოჭები და ლენტები – ამაზე კომპანია Advantek GmbH არის პასუხისმგებელი. გარდა ამისა, რაკეტებში გამოიყენება ამერიკული ჩიპები, რომლებსაც „კინჟალების“ მწარმოებელი ჩინეთიდან იღებს. ჩიპები რუსეთში 2021 წელს შექმნილ Etc Electronics-ს შეაქვს, თუმცა, მის წინააღმდეგ სანქციები არაა დაწესებული.
KB Mashinostroyeniya-ს ხელმძღვანელობს სერგეი პიტიკოვი. The Insider-ის ცნობით, მისი ქალიშვილი და შვილიშვილები შვედეთში ცხოვრობენ. სერგეი პიტიკოვის ქალიშვილმა მაია პიტიკოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „პუტინის რეჟიმი დანაშულებრივ, სისხლიან, უაზრო ომს აწარმოებს“, თუმცა საკუთარი მამის საქმიანობაზე საუბარი არ ისურვა