„ელჩმა დაადასტურა ის რომ, პირველი: ევროკავშირის მოთხოვნა იყო ამ კანონის მიღება და მეორე: ასევე, სამუშაო პროცესიც იყო კოორდინირებული ევროკომისიასთან,“ – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიერ „მაუწყებლობის შესახებ კანონზე“ გაკეთებულ პოზიტიურ განცხადებას.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის თითოეული დეტალი შეთანხმებული იყო ევროკომისიის სტრუქტურებთან, მაგრამ ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ელჩის მიერ „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობის დადებითად შეფასებამ, მათ ცივი წყალი გადაასხა.
„ჩვენ თვეების მანძილზე ვაცხადებდით, რომ ამ კანონის მიღება იყო ევროკავშირის მოთხოვნა. ჩვენ ასევე გვქონდა მჭიდრო კონსულტაციები ევროკავშირის სტრუქტურებთან, ევროკომისიის სტრუქტურებთან, იმისათვის რომ მათთან შეგვეთანხმებინა კანონპროექტის თითოეული დეტალი. ასეთ ფონზე ოპოზიცია მაინც ახერხებდა სპეკულირებას და ახლა ელჩის ამ განცხადებამ მათ ცივი წყალი გადაასხა. ასეთ დროს რა თქმა უნდა გვესმის რომ განაწყენებულია ოპოზიცია, თუმცა ელჩის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები ისეთ დროს, როცა მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია ხდება, ევროკავშირის ელჩის მხრიდან არის აბსოლუტურად გაუმართლე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.