„ერთადერთი, რასაც ეს შავი სიები იზამენ, იქნება მხილება, რამდენად ფაშისტური იდეოლოგიის არის რუსეთიდან დაფინანსებული პირი და მის გარშემო შეკრებილი ადამიანები“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ელენე ხოშტარიას და ზურაბ-გირჩი ჯაფარიძის მხრიდან პოლიტიკოსების, მედიის და სხვადასხვა სფეროს ადამიანების მიმართ განხორციელებული ბულინგი შეაფასა. მდინარაძის თქმით, ეს არის ბოლშევიზმის და მეორე მხრივ, ფაშიზმის უპრეცედენტო გამოვლინება.
„მოდი ერთი წამით, გვერდზე გავწიოთ ყველა შეფასება და ჯერ ვთქვათ რა მოხდა, ფაქტი აღვწეროთ. იმისათვის, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა დააინიცირეს კანონი, რომელიც ემსახურებოდა ევრო-რეკომენდაციის ერთ-ერთი პუნქტის შესრულებას, ისინი მოხვდნენ ბოლშევიკების შავ სიაში. იმისათვის, რომ ჟურნალისტური საქმიანობა განახორციელა თქვენმა კოლეგამ, ისიც მოხვდა ბოლშევიკების შავ სიაში. ეს არის ამბავი, რომელსაც მგონია, რომ შეფასება არ სჭირდება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა პირებმა შავ სიაში შეიყვანეს ევრო-რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტის შესრულებისთვის საქართველოს პარლამენტის დეპუტატები. ბოლშევიკების შავ სიაში შეიყვანეს ჟურნალისტი, რომელმაც პროფესიული საქმიანობა განახორციელა, ეს არის ერთის მხრივ, ბოლშევიზმის და მეორე მხრივ, ფაშიზმის უპრეცედენტო გამოვლინება. ლოგოც კი საბჭოთა ლოგოს მიამსგავსეს. მეტი ფანტაზია რუსეთიდან დაფინანსებულ ხალხს არ აქვს, როგორც ჩანს. მგონია, რომ კარგად უნდა გაიაზრონ ამ უაზრო სიაში რატომ ხვდება ხალხი, ქვეცნობიერი რას კარნახობთ მათ და ხომ არ გვაგონებს ეს ყველაფერი 2012 წლამდე შექმნილ შავ სიებს, პრაქტიკულად დასახვრეტად რომ უნდოდათ ხალხი და კიდევ კარგი, ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და რაც ყველაზე მთავარია, ქართველი ხალხის თაოსნობით იმ რეჟიმმა იმ საშინელების და სისასტიკის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და ეს შავი სიები გადაიდო გვერდზე და დარჩა ბოლშევიკურ შავ სიებად. ასევე დარჩება ეს რაღაც მავნებლობა“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.