მეშვიდე დღეა, პრეზიდენტს პასუხი არ გაუცია კონკრეტულ კითხვაზე – დღევანდელი მოცემულობით საქართველო იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს. ერთი თავი რომ დააქნიოს ის ვერ გაბედა ადამიანმა, ეტყობა ვიღაცის დავალებას ელოდება – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, როგორც ჩანს, ოპოზიციას და პრეზიდენტს დავალების მიმცემებიც საერთო ჰყავთ და ამ საერთო დავალებაში და მათ ინტერესში არ შედის კანდიდატის სტატუსი, რადგან რევოლუციური გეგმები ჩაეფუშებათ.
მისივე თქმით, სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ მოლოდინებზე უფრო თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ, იქიდან გამომდინარე, რა სიტუაციაც არის.
„აღარ მგონია, საქართველო კვლავ დაიჩაგროს და უსამართლო გადაწყვეტილების ობიექტი გახდეს. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, რომ რეკომენდაციები შესრულდეს, ზედმიწევნით მივყვებით თითოეულ პუნქტს. ძალიან კარგი იქნებოდა, ჩვენი პატივცემული ოპოზიცია რომ ამაში ხელს არ გვიშლიდეს. მაგალითად, პრეზიდენტსაც კი ვერ დავაცდენინეთ უკვე მეშვიდე დღეა კითხვაზე პასუხი, რომ საქართველო დღევანდელი მოცემულობით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენი ოპონენტები პირიქით, მუშაობენ იმაზე, რომ რამენაირად სტატუსი არ მიიღოს ქვეყანამ. ბოლო დღეების განმავლობაში ცოტა ხასიათზეც ვერ არიან, რადგან შანსები გაზრდილია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.