„ეს არის პლატფორმა, რომელიც შექმნილია უკრაინის მხარდასაჭერად და საქართველოს მონაწილეობა ამ ფორუმში კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი და უკრაინის ბრძოლისადმი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობისთვის“- ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ყირიმის პლატფორმაზე საუბრისას განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ამ პლატფორმას ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს საუბარი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. მისივე განცხადებით, სამიტში საქართველოს მონაწილეობა იმის დადასტურებაა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას.
„რა თქმა უნდა, ეს არის ის პლატფორმა, რომელსაც ჩვენ, ასევე, ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ბევრი ქვეყანაა წარმოდგენილი აღნიშნულ ფორმატში და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გვქონდეს მათთან საუბარი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავად ჩვენი მონაწილეობა არის კიდევ ერთი დადასტურება ჩვენი მხარდაჭერისა უკრაინისადმი“-აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა