ქვემო ქართლში, 72 წლის კაცმა შშმ 14 წლის ბიჭსა და 26 წლის გოგოზე იძალადა.
დამნაშავე სარეაბილიტაციო ცენტრის მძღოლია, რომელსაც მეტყველების პრობლემის მქონე ბენეფიციარები ცენტრიდან სახლში დაჰყავდა. არსებული ცნობით, მოძალადე სამარშრუტო ტაქსით რეაბილიტაციის ცენტრს 7 წელი ემსახურებოდა.
ბენეფიციარებს, რომლებიც მძღოლს დაჰყავდა, მეტყველების პრობლემა აქვთ. მიუხედავად ამისა, 26 წლის გოგომ შეძლო და დედას მიანიშნა, რომ კაცი უცნაურად იქცეოდა.
დედის მოთხოვნით გამოძიება დაიწყო. მძღოლი გამოკითხვაზე დაიბარეს. მან ყველაფერი უარყო და ცენტრში მუშაობა გააგრძელა, თუმცა სასამართლოს ნებართვით სამართალდამცველებმა მძღოლის ავტომობილში ფარული კამერები დააყენეს და მის დასაკავებლად მთავარი მტკიცებულებაც მოიპოვეს.
კამერებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ძალადობის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა. კაცი დააკავეს.
„სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული მოქმედებების შედეგად დათვალიერდა დისკები, დადგინდა, რომ ბრალდებული მანქანით მოძრაობის დროს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების გადაყვანისას, ავტომობილში მყოფ პირებზე ახორციელებს სექსუალური ხასიათის ქმედებებს“, – აცხადებს გამომძიებელი.
გარდა სექსუალური ძალადობისა, 72 წლის კაცი შშმ ბავშვებს ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა.
ვიდეო მტკიცებულების მიუხედავად, 72 წლის მხილებულმა მოძალადემ დახურულ სასამართლო სხდომაზე ბრალი უარყო.
72 წლის კაცის მხრიდან სექსუალური ძალადობის ფაქტები სასამართლომაც დაადასტურა. მოძალადეს 17 წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მსჯავრდადებული დავას სააპელაციო სასამართლოში აგრძელებს.