GD Banner
პოლიტიკა

რამაზ საყვარელიძე – დიდი ქვეყნები ომით არიან დაინტერესებული, როგორც ომის დაწყებას, ისე მშვიდობის დამყარებასაც უნდა მოტივი, ის ვინმეს უნდა დასჭირდეს

დიდი ქვეყნები ომით არიან დაინტერესებული, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

რამაზ საყვარელიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არსებობს თუ არა მსოფლიოში ახალი კონფლიქტების გაჩენის საფრთხე.

„ისეთი ქვეყანაც კი, რომელიც დღეს იარაღს ხელს არ ჰკიდებს – ჩინეთი, უაღრესად დაინტერესებულია ომში, რადგან მისი კონკურენტები ებრძვიან ერთმანეთს და ერთმანეთს რაც უფრო დაასუსტებენ, ჩინეთი რჩება თეთრ სამოსში გამოწყობილი. ასეთ პირობებში, როდესაც ყველას ყველასთან აქვს ბრძოლა გამოცხადებული, ეკონომიკური და ა.შ, რაც მერე ცხელ დაპირისპირებაში გადადის, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნება, იპოვო სიტუაცია, როცა აინტერესებთ მშვიდობა. როგორც ომის დაწყებას უნდა მოტივი, მშვიდობის დამყარებასაც ხომ უნდა მოტივი? ის ვინმეს უნდა დასჭირდეს“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, როგორია საქართველოს პერსპექტივა ამ კონტექსტში, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ყველაზე კარგი მდგომარეობა არის ბალანსის დაჭერა ყველაფერთან და ყველასთან.

„ამერიკას გაუორდა ფრონტი, უკრაინა იყო და ახლა დაემატა ისრაელი. წესით, ამერიკას იმის თავი აღარ უნდა ჰქონდეს, რომ გადატრიალებაზე იფიქროს, თორემ ჩინეთთან კონკურენციის გამო ამერიკას აწყობდა აქ სატრანზიტო გზის გაფუჭება. ბაზარია ევროპა და ჩინეთი აპირებს, ევროპისკენ საქონელი კავკასიის გავლით წამოიღოს. აქ თუ ვინმე გზას გააფუჭებს, ჩინეთი გაიჭედება; ჩინეთიც წაგებაში იქნება და ევროპაც, ორივეს წაგება კი ამერიკას აწყობს. აი, ეს მოტივი უკვე ამერიკის პოლიტიკაში შეიძლება, აღარ იყოს წამყვანი, როცა ის ჩაბმულია ორი კონფლიქტის ხაფანგში. ეს სერიოზული საფრთხე იყო. შემთხვევითი არ არის სუს-ის ის ანგარიში და შემთხვევითი არც ისაა, რომ სერბეთიდან მოიყვანეს სპეციალისტები. სერბეთი რუსული ორიენტაციის ქვეყანა არ არის?“, – განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, მსოფლიო პოლიტიკურ მენტალიტეტში იქნება ძვრები, კერძოდ, ულტრალიბერალური მენტალიტეტი შემცირდება.

„ერთ-ერთი პირველი სიმპტომი ამ ბზარისა მართლაც იყო ტრამპის გამოჩენა, მაგრამ არის ანალოგიური სიმპტომები. ახლა, ემატება ჩინეთი, რომელიც ულტრალიბერალური ნამდვილად არ არის და ჩინეთის გაძლიერება ძალაუნებურად, მენტალიტეტში შემოიტანს თავის ელემენტს, რომელიც უკვე ულტრალიბერალიზმს გამორიცხავს. თუ მაინცდამაინც დაბალანსებული ვარიანტისკენ წავიდნენ, ეს უფრო კონსერვატიზმის გამარჯვებას შეუწყობს ხელს იმავე დასავლეთში, თუ არადა, რაც უფრო ბალანსისგან აცდენილი იქნება კულტურა, ალბათ, უფრო ძნელი იქნება ბევრი რამის შენარჩუნება. მით უფრო, დღეს, ასეთი ლიბერალური სიმბოლო არის ბაიდენი, რომლის გვარის პირველი ასოთი ქართველებს ბრეჟნევი ახსენდებათ, ბაიდენთან ერთად. ჰგავს ეს ორი ფიგურა ერთმანეთს. აი, ასეთ კომიკურ რეჟიმში გადავიდა დღეს ლიბერალური დემოკრატია, როდესაც ადამიანს სერიოზულად ვეღარ აღიქვამ. როცა ამერიკის პოლიტიკური ფიგურაა არასერიოზული, იქ უკვე ერღვევა საყრდენი მთელ მსოფლიოს. ასე რომ, მე მგონი, ვართ პოლიტიკური მენტალიტეტის ცვლილების ეტაპზე. თუ მოხდება კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის სინერგია, ალბათ, ეს იქნება იმის საფუძველი, რომ დამყარდეს მეტ-ნაკლებად სტაბილური ბალანსი მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა საყვარელიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,044 ნახვა