GD Banner
პოლიტიკა

საქართველო აგრძელებს კრიტერიუმების შესრულებას, ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები რეკომენდაციების შესასრულებლად – EU-მ ვიზალიბერალიზაციის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

ანგარიშის თანახმად, „საერთო ჯამში, საქართველო აგრძელებს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებას და საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები ევროკომისიის წინა რეკომენდაციების შესასრულებლად, თუმცა მეტი ძალისხმევაა საჭირო“.

კერძოდ, ევროკომისია საქართველოს მთავრობას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

1️⃣ საქართველოს სავიზო პოლიტიკა შეესაბამებოდეს ევროკავშირს მიდგომას იმ ქვეყნების მოქალაქეთა მიმართ, რომლებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზა სჭირდებათ. კონკრეტულად კი იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ევროკავშირისთვის წარმოადგენენ არალეგალური მიგრაციისა და უსაფრთხოების რისკს

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ამ რეკომენდაციის შესრულებაში 2022 წელს პროგრესისთვის არ მიუღწევია. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს ამჟამად უვიზო რეჟიმი აქვს იმ 24 ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირში შესასვლელად ვიზები სჭირდებათ.

2️⃣ საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რათა მოაგვაროს თავშესაფრის მოთხოვნის დაუსაბუთებელი განაცხადებისა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად დარჩენის პრობლემა

ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის ანგარიშში წერია, რომ საქართველო აგრძელებს ძალისხმევას საქართველოს მოქალაქეთა მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მიღების შესახებ დაუსაბუთებელი განაცხადების პრობლემის მოსაგვარებლად.

„2021 და 2022 წელს ამოქმედებული ახალი კანონის შესაბამისად საქართველოს მთავრობა ახორციელებდა ქვეყნიდან გამსვლელ პირთა საკონტროლო შემოწმებას საქართველოს საზღვარზე. საქართველოს მონაცემებით, 2021-2022 წლებში ამ სისტემით მოხდა საქართველოს 4677 მოქალაქის ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრების პრევენცია, რომლებიც განიხილებოდნენ ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის საფრთხედ“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამავე რეკომენდაციასთან დაკავშირებით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საქართველო რეგულარულად თანამშრომლობს ევროკავშირის იმ ქვეყნებთან, რომლებსაც გააჩნიათ შეშფოთება უვიზო მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე“.

„2022 წელს ეს თანამშრომლობა მოიცავდა ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყნებში 16 ქართველი პოლიციის ოფიცრის გაგზავნას, რომლებიც ეხმარებოდნენ ადგილობრივ სამართალდამცველ ორგანოებს და ჩაატარეს რვა ერთობლივი ოპერაცია. საქართველო რეგულარულად თანამშრომლობს „ფრონტექსთან“ (ევროკავშირის სასაზღვრო სამსახური), რაც ხორციელდება ოპერაციული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, რომელიც 2021 წელს განახლდა. „ფრონტექსის“ ოფიცრები იმყოფებიან სახმელეთო და საზღვაო საზღვარზე, მათ შორის, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში. საქართველოს პოლიციის ოფიცრები ასევე გააგზავნეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებშიც. ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანი არის საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების პრევენცია“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველო, ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან რეადმისიის საკითხებზეც.

ანგარიშის მიხედვით, 2017-2022 წლებში რეადმისიის მოთხოვნის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული პოზიტიური გადაწყვეტილებების საშუალო მაჩვენებელი 98 პროცენტს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, საქართველო, ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობს რეპატრიაციული ავიარეისების საკითხებზეც.

ამასთან, ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკური მონაცემებიც. კერძოდ, 2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეებმა წარადგინეს 26 450 განაცხადი (2021 წელს – 14 635). ამასთან, ამ განაცხადებიდან შვიდი პროცენტი პირველმა ინსტანციამ დააკმაყოფილა (შარშან ეს მაჩვენებელი ხუთი პროცენტი იყო).

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნების საზღვრის უკანონოდ კვეთის 25 შემთხვევა დაფიქსირდა.

2022 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეთა რიცხვმა კი 21 910 შეადგინა. 2021 წელს მათი რიცხვი 11 695 იყო.

გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვისაც ევროკავშირში შესვლა აეკრძალა. 2022 წელს ასეთი 3 970 მოქალაქე იყო. 2021 წელს მათი რიცხვი 3 030-ს შეადგენდა.
შარშანდელთან შედარებით, გაზრდილია საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების რიცხვიც და 2022 წელს ის 16 275-ს შეადგენს. 2021 წელს – 10 820. გაზრდილია დაბრუნებულ მოქალაქეთა რაოდენობაც და ის 2022 წელს 7760-ს შეადგენს.

ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებში შედის:

3️⃣ საქართველო ჩაერთოს „კრიმინალური საფრთხეების საწინააღმდეგო ევროპული მულტიდისციპლინური პლატფორმის“ ოპერაციულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც მიგრანტების უკანონო გადაყვანას ეხება

4️⃣ დააფუძნოს „აქტივების დაბრუნების ოფისი“ და ასევე „აქტივების მენეჯმენტის ოფისი“ და გაააქტიუროს აქტივების დაბრუნების ძალისხმევა აქტივების მონიტორინგით, გაყინვით, მენეჯმენტით, კონფისკაციითა და განადგურებით

5️⃣ მიიღოს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, უზრუნველყოს ადეკვატური რესურსები მათი იმპლემენტაციისთვის და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს იმ საქმეების გამოძიებას, სამართლებრივ დევნასა და სასამართლოების გადაწყვეტილებებს, რომლებიც მაღალი დონის კორუფცია ეხება

6️⃣ უზრუნველყოს, რომ იმ კანონმდებლობაში, რომელიც ეხება ანტიკორუფციულ ბიუროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები

ევროკომისიაში, ასევე, აცხადებენ, რომ წინა ანგარიშში კომისიამ საქართველოს მიმართა რეკომენდაციით, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა სრულ შესაბამისობაში იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და, ასევე, მიღებული იყოს კანონმდებლობა, რომლითაც შეფასდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კეთილსინდისიერება და ეფექტურობა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,044 ნახვა