დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობა „მზიურის“ პარკს შემომატებულ, ახლად მოწყობილ რეკრეაციულ სივრცეში კონცერტზე მიიწვია.
როგორც მან „ფეისბუკის“ პირდაპირ ჩართვაში განაცხადა, კონცერტი 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.
„დაახლოებით 2,5 ჰექტარი ტერიტორია ემატება „მზიურის“ პარკს, რაც ძალიან მაგარია. ამასთან დაკავშირებით გვექნება კონცერტი და მინდა მოგიწვიოთ ყველა. ვისაც სურვილი გაქვთ, მობრძანდით ხვალ, საღამოს შვიდ საათზე „მზიურის“ პარკში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კონცერტზე მსმენელის წინაშე სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები წარდგებიან.
„ხვალ გველოდება ძალიან სასიამოვნო საღამო. კონცერტზე წარმოდგენილი იქნებიან დუეტი „ჯორჯია“, სალომე ბაკურაძე, ნათია დუმბაძე, „მასტერი“, დავით გომართელი, სალიო, ოთო ნემსაძე და ნოა. მობრძანდით თქვენს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ.
დედაქალაქის მერმა „ფეისბუკის“ პირდაპირ ჩართვაში ასევე ისაუბრა განხორციელებული სამუშაოების შესახებ, რის შედეგადაც აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის სივრცე და ინფრასტრუქტურა მოეწყო.
„მოეწყო სატრენაჟორო სივრცე, გადმოსახედი, რომელიც „მზიურის“ პარკის ვრცელ ნაწილს გადაჰყურებს; განათებული სასეირნო ბილიკები დაემატა, მოეწყო ფანჩატური, შინაური ცხოველების გასასეირნებელი სივრცე; საპიკნიკე სივრცეა გაკეთებული – უზარმაზარი მდელოა გამწვანებული.
ძალიან მიხარია, რომ ასეთი პროექტები ემატება ჩვენს ქალაქს – გამწვანებული, მოწესრიგებული, გალამაზებული სივრცეები. როგორც გითხარით, ეს იყო კერძო საკუთრება და ალბათ ფიქრობდნენ, რომ აქ შესაძლებელი იქნებოდა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა თქვენ იცით ჩვენი პოლიტიკა, მიდგომა და დამოკიდებულება ასეთ სივრცეებთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ვცდილობთ დავიბრუნოთ მსგავსი ტერიტორიები, სადაც შემდგომში პარკები და სკვერები მოეწყობა.
ჩვენ ქალაქს რაც სჭირდება, ეს არის გამწვანებული სივრცეები. ვფიქრობ, გაზაფხულზე კიდევ უფრო ლამაზი და გამწვანებული იქნება, რადგან ბალახი ახალი დაგებულია. მთავარია, მოვუაროთ, გავუფრთხილდეთ ამ ყველაფერს და შევინარჩუნოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ასეთი პროექტების განხორციელებას ჩვენი ლამაზი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.