GD Banner
პოლიტიკა

გრიგოლ ლილუაშვილი: არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში, ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ქვეყნის შიგნით და გარეთ ზომიერი პოლიტიკა ვაწარმოოთ

არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას რეგიონში. ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი პოლიტიკა ვაწარმოოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, – ამის შესახებ პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას შეკითხვის საპასუხოდ უწყების ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

„ბირთვული საფრთხე სწორი შეკითხვაა. საქართველოს მოსახლეობაც ნელ-ნელა უფრო ღრმად სწვდება ამ საკითხის მნიშვნელობას. მოგახსენებთ, რომ არსებული გამოწვევები არ გამორიცხავს ბირთვული იარაღის გამოყენებას. ჩვენს ქვეყანას არ ვგულისხმობ, ირგვლივ რეგიონს ვგულისხმობ. მთავრობის ხელმძღვანელებით, მისი მორეაგირე უწყებების და ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უწყების მონაწილეობითაც შემუშავებულია და დამტკიცებულია სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, თითოეულ უწყებას გაწერილი აქვს თითოეული სცენარი, მოქმედების გეგმა, რომელიც ღმერთმა დაგვიფაროს და ამ შემთხვევაში, მოგვიწევს სისრულეში მოვიყვანოთ. ასე რომ, ასპროცენტიანი დაზღვევა, ვგულისხმობ შესაძლო სცენარის მავნე გავლენას, მარტო საქართველოს არა, ძალიან ბევრ ქვეყანას უდგას რეგიონში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს.

ჯანდაცვის სამინისტროს გაწერილი აქვს მედიკამენტები, მისი გადანაწილება მოსახლეობაზე, მკურნალობა, სასწრაფო დახმარების გაწევის სქემა, მათ შორის თავშესაფრების გამოყოფა, თუმცა თავშესაფრები აქტუალური ხდება მაშინ, თუ პირდაპირი დარტყმა ხდება. მაგ შემთხვევაში, თავშესაფარი არ გვიშველის. ამიტომ ჭკვიანად უნდა ვიყოთ, ზომიერი და პრაგმატული პოლიტიკა ვაწარმოოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ“, – განაცხად გრიგოლ ლილუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა