პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა – სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე რჩება.
იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თუ იმპიჩმენტს პარლამენტის წევრთა შესაბამისი რაოდენობა – 100 დეპუტატი არ დაუჭერს მხარს, საკითხი მოხსნილად ითვლება და თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა დაუშვებელია.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მას წყარო უყვება, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს “ოცნებამ” სრულად დაუჭირა მხარი – 85 ხმა მას ეკუთვნის, 86-ე კი “ევროპელის სოციალისტების” ლიდერი ფრიდონ ინჯია იყო (დავით ზილფიმიანი კენჭისყრას არ ესწრებოდა). ერთადერთი წითელი ღილაკის ავტორი ალექსანდრე ელისაშვილია, მან პრეზიდენტის იმპიჩმენტის წინააღმდეგ მისცა ხმა.
ელისაშვილის განმარტებით , კენჭისყრაზე დასწრება იმიტომ გადაწყვიტა, რომ მიხვდა, იმპიჩმენტის საფრთხე არ იდგა.
“გეგონება, ამ ქვეყანაში ყველაფერი მოგვარებული იყოს, არანაირი პრობლემა არ არსებობდეს და ხალხს მეტი დარდი არ ჰქონდეს, რომ აი პრეზიდენტი ვიღაცას შეხვდა და დაგვექცა ქვეყანა და დაგვემხო თავზე კონსტიტუცია, აბსურდი და რეალობას მოწყვეტილი იყო მთელი ეს პროცესი და მინდოდა მეჩვენებინა, რომ ამ აბსურდის წინააღმდეგი ვიყავი“, – განაცხადა ელისაშვილმა.