„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაექცა პასუხს კითხვაზე- საქართველო, არსებული მოცემულობით, თავისი ხელისუფლებით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯებით, დეკემბერში იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს“- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, როდესაც პრეზიდენტი გაურბის ამ შეკითხვას, ეს იმის ლუსტრაციაა, რომ ის კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მუშაობს.
„როდესაც სალომე ზურაბიშვილი გაურბის ამ შეკითხვას ეს ხომ არის იმის ლუსტრაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მუშაობს სწორედ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ამ კითხვიდან გაქცევა სხვა არაფერია, თუ არა იმის აღიარება, რომ სალომე ზურაბიშვილი, დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, პირდაპირ უპირისპირდება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.