მე პირადად ოპტიმისტურად ვუყურებ ახალი ელჩის ჩამოსვლას და დიდი იმედი მაქვს, რომ მიდგომები ფუნდამენტურად შეიცვლება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგენზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.
კობახიძის თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია იმ მიზეზების შესახებ, რატომ ჰქონდა მმართველ პარტიას კრიტიკული შენიშვნები კელი დეგნანის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, იმედოვნებს, რომ ახალი ელჩი განსხვავებული მიდგომებით იმოქმედებს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მიმართ საზოგადოებას მყარი ნდობა გააჩნდეს.
„ჩვენ გვქონდა სერიოზული კრიტიკული შენიშვნები წინა ელჩის საქმიანობასთან, მის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით და ამის “კუდებსაც” ვხედავთ – იგივე ბოლო განცხადება, რაც გაკეთდა საელჩოს მხრიდან USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგებარია. საუბარი იყო პირდაპირ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზე და ამ დროს, ონკოლოგიური დაავადების ბავშვების მშობლები საერთოდ რა შუაში იყო განცხადებაში – ცინიკურიც კი იყო ეს განცხადება. იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ახალი ელჩის პირობებში და არა მარტო ეს: იგივე რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა შესაბამისი სუბიექტების მხრიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობა – გახსოვთ მოსამართლის დაბარება, წარმოუდგენელი ფაქტი. იგივე კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ ეს მდიდარი ენჯეოები სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, იგივე ე.წ. „პივიტის“, პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება და ა.შ.
ასეთი რაღაცები არ შეიძლება განმეორდეს. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მყარი ნდობა, ჩვენი მეგობრების და პარტნიორების მიმართ და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები არ განმეორდება, აღარ გაგრძელდება ექსტრემისტების დაფინანსება, მხარდაჭერა და ა.შ. ყველაფერი იცის საზოგადოებამ, რა ხდებოდა წინა ელჩის პირობებში, რაში იყო ეს ადამიანი ჩართული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში, განსხვავებული მიდგომებით იმოქმედებს საელჩო.“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.