GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

„დიდი დანაკლისი განიცადა საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ“ – თენგიზ ცერცვაძე ინფექციური საავადმყოფოს აღმასრულებელი დირექტორის გარდაცვალებაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, შოთა გოგიჩაიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, ეს საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისია.

„საქართველოს სამედიცინო საზოგადოებამ დიდი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა შესანიშნავი პიროვნება და ექიმი, ქვეყნის ერთგული მოქალაქე, მედიცინის დოქტორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი. ბატონო შოთა გაიზარდა და ჩამოყალიბდა ქართული ჯანდაცვის ერთ-ერთ ლიდერად ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრში. იგი ინსტიტუტის დამთავრების პირველივე დღეებიდან მუშაობდა ამ ცენტრში, ხოლო ბოლო 20 წელი უცვლელად ხელმძღვანელობდა მას. შოთა გოგიჩაიშვილი საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციის და ინფექციურ დაავადებათა დარგის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. წლების მანძილზე ეწეოდა წარმატებულ სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობას. დიდი წვლილი მიუძღვის ქვეყანაში თანამედროვე ტიპის ინფექციურ დაავადებათა სამსახურის შექმნასა და განვითარებაში.

როგორც აღმასრულებელი დირექტორი, ხელმძღვანელობდა ცენტრის ადმინისტრაციულ, სამკურნალო და სამეცნიერო საქმიანობას. კოორდინირებას უწევდა ცენტრის მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების და სამეცნიერო პროექტების შესრულებას, აგრეთვე ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის და მოვლის ეროვნული გაიდლაინების/პროტოკოლების შემუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვას. შოთა გოგიჩაიშვილს თვალსაჩინო წვლილი მიუძღვის C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის და სხვა მნიშვნელოვანი ჯანდაცვითი პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

COVID პანდემიის პირველივე დღეებიდან იგი იდგა COVID-თან ბრძოლის წინა ხაზზე. იგი იყო საქართველოს ინფექციურ და ტროპიკულ დაავადებათა ასოციაციის და რიგი სხვა საერთაშორისო ასოციაციების/საზოგადოებების წევრი, არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.შოთა გოგიჩაიშვილი გამოირჩეოდა ნიჭიერებით, ლიდერის თვისებებით, კეთილსინდისიერებით, უანგარობით, საქმისადმი და ადამიანებისადმი უდიდესი ერთგულებითა და სიყვარულით, მაღალი ერუდიციით. ის იყო ნამდვილი ქალაქელი ინტელიგენტი, შესანიშნავი მეგობარი, მეუღლე, მამა და ბაბუა. ძალზე მტკივნეულია იმ აზრთან შეგუება, რომ უნდა გამოვეთხოვოთ ადამიანს, რომელიც ათწლეულების მანძილზე ბოლომდე იბრძოდა ჯანმრთელობის სადარაჯოზე. შოთა გოგიჩაიშვილი წავიდა ვალმოხდილი საზოგადოებისა და ოჯახის წინაშე. მის ხსოვნას პატივს მიაგებს დამწუხრებული სამედიცინო საზოგადოება, მრავალრიცხოვანი კოლექტივი და მეგობრები. დაე, მსუბუქი იყოს მისთვის მშობლიური მიწა“, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა