ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ევროკავშირის შიგნით, ვისთანაც დარჩათ ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ორბანი, – ასე შეაფასა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს.
„ეს ქვეყანა ამ ხელისუფლებას ისედაც მიჰყავს იზოლაციისკენ, ღარიბაშვილს მეგობრად მარტო უნგრეთის პრემიერი ორბანი დარჩა. ევროპის შიგნით, ნატო-ში ჩვენ მეტი მეგობარი ქვეყანა აღარ დაგვრჩა, მაშინ, როცა, წლების განმავლობაში მთელი რიგი ქვეყნები არსებობდნენ, რომლებიც საქართველოს ინტერესებს ნატო-სა და ევროკავშირში მუდმივად ლობირებდნენ. ეს თავისთავად ინდიკატორია იმის, რომ ჩვენ უკვე ვართ იზოლაციაში. ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ, რაც გვაქვს იმის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ეს უბრალოდ ჩვენი დასავლელი მეგობრების კეთილი ნებაა, რომ არ გვწირავენ ბოლომდე, თორემ იზოლაციაში ეს ქვეყანა ისედაც არის. ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი ევროკავშირის შიგნით, ვისთანაც დარჩათ ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ორბანი. ზოგადად, არაფერი ცუდი იმაში არა, რომ ჩვენ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანასთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა, მათ შორის უნგრეთთან და უნგრეთის ლიდერთანაც, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ორბანის ხელისუფლება ევროკავშირის შიგნით, ევროკავშირის ქვეყნებისთვის არის პრობლემა და ამაზე ისინი, ხშირ შემთხვევაში, ღიადაც საუბრობენ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.