არავითარი დამადასტურებელი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ გავრცელებულ ფოტოზე ასახული პიროვნება საქართველოს მოქალაქეა, – განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ტყვედ ჩავარდა.
„[ინფორმაცია] გავრცელდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, სოციალურ ქსელებში. აქ არავინ გვიდასტურებს, არც მისი სახელი და გვარი არ ვიცით, ვითხოვთ, რომ მოგვაწოდონ გვარ-სახელი“, – აღნიშნავს ჟვანია.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.