GD Banner
საზოგადოება

პირველ ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების და გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტს ამერიკული კომპანია ჩაატარებს

2023 წლის 1 ოქტომბერს ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამართული შუალედური/რიგგარეშე არჩევნების და აღნიშნულ არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტს აშშ-ში რეგისტრირებული და აკრედიტებული კომპანია Pro V&V განახორციელებს. კომპანია, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბაზრის კვლევის შედეგად შეარჩია, ასევე აკრედიტებულია ISO/IEC 17025 სტანდარტის შესაბამისად. მას სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის აშშ, ფილიპინები, დომინიკის რესპუბლიკა) არჩევნებში გამოყენებული ელექტრონული ტექნოლოგიების აუდიტის ჩატარების გამოცდილება აქვს.

უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის ჩატარება უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის კიდევ უფრო მეტ გამჭვირვალობასა და საჯაროობას. ამასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობის განხორციელებისას, განსაკუთრებით ელექტრონული ტექნოლოგების დანერგვის პროცესში, საერთაშორისო სტანდარტებით ხელმძღვანელობს.

აუდიტის პირველი ეტაპი, რომელიც აუდიტორების საქართველოში ვიზიტს, მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებას და სამოქმედო გეგმის შედგენას ითვალისწინებდა, დასრულებულია. მეორე ეტაპი უშუალოდ აუდიტის ჩატარებას და მიმდინარე წლის 1-ელ ნოემბრამდე ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს.

კომპანია Pro V&V-თან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, აუდიტორული მომსახურება მოიცავს აუდიტორული ანგარიშის და რეკომენდაციების მომზადებას შემდეგ საკითხებზე:

• საერთაშორისო საარჩევნო პრინციპებთან ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების (კენჭისყრის) შესაბამისობის აუდიტი;

• საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების (კენჭისყრის) შესაბამისობის აუდიტი;

• გამოყენებული ელექტრონული საშუალებების (საარჩევნო ტექნოლოგიების) ტექნიკური და პროგრამული ფუნქციონირების აუდიტი:

1. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები VIU Desktop 818-100; ხმის მთვლელი სპეციალური ელექტრონული აპარატები PCOS SAES-1800Plus;

2. პლანშეტური კომპიუტერი VIU Tablet 100;

3. აპარატების პროგრამული უზრუნველყოფა;

4. საწყისი (Source) კოდის მიმოხილვა. შესაბამისობის აუდიტის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჩაატარა ბაზრის კვლევა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ანალოგიურ სფეროში გამოცდილების მქონე სამმა აუდიტორულმა კომპანიამ. მათგან ერთმა უარი განაცხადა მომსახურების მიწოდებაზე, ხოლო ორმა წარმოადგინა წინადადება, რომელთაგანაც კომპანია Pro V&V, უმცირესი ფასის პრინციპის დაცვით, შეირჩა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა