„რა საჭიროა ახლა ამ კანონპროექტის მიღებაო რომ მეკითხებით – ძალიან კარგად იცით ის გარემოება, რომ ოქტომბერ-დეკემბერში, დესტაბილიზაციაზეა საუბარი. თქვენ ამით კიდევ ხაზს უსვამთ, როგორ არ გადარდებთ საზოგადოების უსაფრთხოება და ინტერესები“ – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატების დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
გივი მიქანაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას არც ამ ვეტოს დაძლევა გაუჭირდება.
„რაც შეეხება ვეტოს, წამოგცდათ, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენ გქონდათ უკვე თქვენს პრეზიდენტთან, კომუნიკაცია – თქვენს პრეზიდენტთან, იმიტომ, რომ თქვენს გუნდშია გადმობარგებული ცალსახად და ძალიან კარგად იცით, რომ ვეტოს დაადებს. წამოგცდათ ეს და მერე შეეცადეთ, რომ რაღაცნაირად გაგეფორმებინათ. კი ბატონო, არც ეგ პრობლემაა იმ ვეტოს დაძლევა, წინასწარვე გეტყვით, რომ იმ ვეტოსაც დავძლევთ“-აღნიშნა გივი მიქანაძემ.