GD Banner
პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: წარმოვიდგინოთ, როგორ მოიქცევიან აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები ან პოლიტიკოსები, თუ გარედან დაფინინანსებული ტრენერები ამერიკელ მოქალაქეებს ასწავლიან, როგორ უნდა მოხდეს მასების მობილიზება კაპიტოლიუმის დასალაშქრად

90-იანი წლებიდან მოყოლებული დასავლური ცხოვრების წესის გამაიდეალებელი საზოგადოება მუდამ იმედით და სასოებით შესცქეროდა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, თუმცა, თანდათან ხდებოდა განხიბვლა და იმ ჭეშმარიტების აღიარება, რომ ყველა სტრატეგიული პარტნიორის ქმედება საქართველოსთან მიმართებაში განპირობებული იყო არა ჩვენი ქვეყნის, არამედ მათი ქვეყნების პოლიტიკური თუ სხვა ინტერესებით, – წერს არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ყველა ინდივიდი, ჯგუფი თუ ქვეყანა, პირველ რიგში საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს, თუმცა, თვალშისაცემია ორმაგი სტრანდარტები.

როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, როცა საქართველოს ხელისუფლების და სტრატეგიული მოკავშირეების ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევა, მათგან ყოველთვის “ცივსისხლიან” გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ასეთი იყო ამერიკული კანონის რუსულად გასაღება, პარლამენტზე შტურმის განმახორციელებელი პირების შეწყალება, ბოლოს კი USAID-ის მიერ სახელმწიფო გადატრიალების შესახებ ტრენინგების ჩატარების გამართლება.

“რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს. ძმობა, ერთობა, თავისუფლება, თანასწორობა, თანადგომა, მეგობრობა… რამდენი კარგი და ძვირფასი სიტყვები მოგვისმენია საბჭოთა „მძლე კავშირი ძმური“-დან მოყოლებული დღემდე. მაშინაც გვიმტკიცებდნენ და დღესაც გვიმტკიცებენ, რომ ერებსა და ქვეყნებს შორის არ უნდა არსებობდეს არც დისკრიმინაცია, არც ორმაგი სტანდარტები და არც ზემოდან ყურება. არადა, ცხოვრება ყოველ ნაბიჯზე საწინააღმდეგოს გვიმტკიცებს. დავანებოთ თავი უკვე ისტორიად ქცეულ საბჭოური ფარისევლობისა და ლოზუნგომანიის ისტორიას, ვნახოთ, დღემდე როგორი ტრანსფორმაცია განიცადეს „ძმობა, ერთობა, თავისუფლება, თანასწორობა, თანადგომა, მეგობრობამ“ და სხვა ლოზუნგებმა.

90-იანი წლებიდან მოყოლებული დასავლური ცხოვრების წესის გამაიდეალებელი საზოგადოება მუდამ იმედით და სასოებით შესცქეროდა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს, თუმცა, თანდათან ხდებოდა განხიბვლა და იმ ჭეშმარიტების აღიარება, რომ ყველა სტრატეგიული პარტნიორის ქმედება საქართველოსთან მიმართებაში განპირობებული იყო არა ჩვენი ქვეყნის, არამედ მათი ქვეყნების პოლიტიკური თუ სხვა ინტერესებით. ჩვენი და მათი ინტერესები როდესაც ერთმანეთს ემთხვეოდა, საქვეყნო საქმეც კეთდებოდა და ამისთვის მადლიერების გამოხატვა არასოდეს დაუშურებია ჩვენს ხალხს, მაგრამ როდესაც საქართველოს ხელისუფლების ინტერესები ვერ მოდიოდა პარტნიორების ინტერესებთან თანხვედრაში, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების მხრიდან ყოველთვის ვიღებდით ცივსისხლიან გადაწყვეტილებებს. ეს თითქოს გასაკვირიც არ არის, რადგან ყველა ინდივიდი, ჯგუფი თუ ქვეყანა, რასაკვირველია, პირველ რიგში საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, მაგრამ გულუბრყვილო ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ჩვენს ხალხს ეს მაინც უკვირდა. ასე იყო აფხაზეთის ომის, 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების, სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის „გაპრავების“, 2008 წლის ომის დროს და შემდეგ პერიოდშიც.

ისიც გვახსოვს, 2008 წლის ომის შემდეგ როგორ აიძულა აშშ-მ სააკაშვილის ხელისუფლება, რომ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ რუსეთისათვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) გაწევრიანებაზე თანხმობა მიეცა. ეს პოლიტიკა გრძელდება დღესაც. არც თუ ისე დიდი ხნის წინ აშშ-ს საელჩომ საქართველოს პარლამენტს ფაქტობრივად აუკრძალა ამერიკული FARA-ს ტიპის კანონის მიღება და მას „რუსული კანონი“ უწოდა, უფრო ადრე ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ქართულ პარლამენტზე შტურმის მონაწილეთა დასჯა გააპროტესტეს და დასჯილები შეაწყალებინეს, თუმცა, ამერიკულ პარლამენტზე თავდასხმისას პოლიციის მიერ რამდენიმე თავდამსხმელის მოკვლა ლეგიტიმურად გამოაცხადა, ხოლო ათეულობით თავდამსხმელს 10 და 20-წლიანი პატიმრობები შეუფარდა. აღარაფერს ვამბობთ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის განუწყვეტელ მცდელობებზე.

მანამდე აშშ-ს საელჩო თითქმის ყოველ წელს ცდილობდა და წელსაც ეცადა, რომ მფარველობა და ორგანიზებაც კი გაეწია ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელი ლგბტ აღლუმის მონაწილეებისთვის. ბოლო დღეებში აშშ-ს საელჩო გამწარებული იცავს მათი ქვეყნის მიერ დაფინანსებულ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მეთოდების ტრენინგების ჩამტარებელ უცხოელებს და მიიჩნევს, რომ ისინი მხოლოდ სამოქალაქო აქტივობებს ასწავლიან ქართველ დედებს და პენსიონერებს. ახლა წარმოვიდგინოთ, თუ როგორ მოიქცევიან აშშ-ს სამართალდამცავი ორგანოები ან პოლიტიკოსები, თუ აშშ-ში გარედან დაფინინანსებული ტრენერები ასეთ ტრენინგებს ჩაუტარებენ ამერიკელ მოქალაქეებს და ასწავლიან, თუ როგორ ეფექტურად უნდა მოხდეს მასების მობილიზება საბოლოო მიზნის, კაპიტოლიუმის დასალაშქრად და რა მეთოდები უნდა გამოიყენონ იმისათვის, რომ ძალადობრივი გზით ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება.

ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ მივაჩნივართ, ჩვენს ხელისუფლებას არ ეპატიება არაფერი, თუნდაც კანონიერი ქმედებები, ჩვენთან არის აღმოსაფხვრელი კორუფციაც. დეპოლარიზაციაც, არ შეიძლება კანონის დარღვევაზე რეაგირება, ხოლო მათთან არც კორუფციაა (გავიხსენოთ გახმაურებული კორუფციის ფაქტები ევროსტრუქტურებში), არც დეპოლარიზაცია, არც პრეზიდენტის იმპიჩმენტი (აშშ-ში წინა პრეზიდენტიც ბრალდებულია და მოქმედის იმპიჩმენტსაც მოითხოვენ), რის გამოც ისინი არიან პროფესორები და ჩვენ გამოცდების ჩამბარებელი სტუდენტები. მოკლედ, რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს.” – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა